Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

სულხან-საბა ორბელიანის წიგნის - ‘’მოგზაურობა ევროპაში’’ პრეზენტაცია

🇬🇪🇻🇦21 მაისს, დანტე ალიგიერის საზოგადოების სათავო ოფისში, ფლორენციის სასახლეში, წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს ორგანიზებით სულხან-საბა ორბელიანის წიგნის - ‘’მოგზაურობა ევროპაში’’ პრეზენტაცია გაიმართა.
 
წიგნი იტალიურ ენაზე ქართველოლოგმა, ენათმეცნიერმა მანანა ტოფაძე-გაუმანმა თარგმნა.
მანანა ტოფაძე-გაუმანი 2009 წლიდან უძღვება თანამედროვე ქართული ენის კურსს ბერნის უნივერსიტეტში და ძველი ქართული ენის კურსს ფრიბურგის უნივერსიტეტში.
 
სულხან-საბა ორბელიანი წიგნში - „მოგზაურობა ევროპაში“ დაწვრილებით აღწერს იტალიის არაერთ ქალაქს, ეკლესია-მონასტრებს, ვატიკანის მუზეუმებში დაცულ ექსპონატებსა და წიგნებს. ავტორი ასევე იხსენებს მის მიერ გამართულ შეხვედრებს და აღწერს იმჟამინდელ იტალიურ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს.
 
 საქართველოს დროებითმა რწმუნებულმა სოფო ქარცივაძემ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა სულხან-საბა ორბელიანის განსაკუთრებულ წვლილს საქართველოს ისტორიაში, მისი როგორც დიპლომატის, მეცნიერისა და ლიტერატორის როლს საზოგადოებრივ ცხოვრებასა და საქართველოს ევროპულ მისწრაფებაში.
 
’’შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენი პროფესიული დღესასწაული, ქართველი დიპლომატების დღე სწორედ სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს აღინიშნება, რითიც კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული მისი დაწყებული გზის შეუქცევადობა და ქვეყნის ისტორიული არჩევანი,”-განაცხადა სოფო ქარცივაძემ.
ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს მთარგმნელმა მანანა ტოფაძე-გაუმანმა და წიგნის გამოცემაში ჩართულმა სხვა პირებმა. წიგნიდან ნაწყვეტები ქართულ და იტალიურ ენაზე მთარგმნელმა ნუნუ გელაძემ წაიკითხა.
 
 ღონისძიებას რომის კურიის აღმოსავლეთ ეკლესიათა კონგრეგაციის პრეფექტი, მისი ყოვლადმაღალუსამღვდელოესობა კარდინალი კლაუდიო გუჯეროტი, ასევე წმინდა საყდართან აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, მალტის სუვერენული სამხედრო ორდენისა და რომის ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 პრეზენტაციის შემდეგ, ფლორენციის სასახლის ბაღში მიღება გაიმართა, სადაც სტუმრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს.