მისასალმებელი სიტყვა
მისასალმებელი სიტყვა
ძვირფასო სტუმარო,
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგინო ჩემი ქვეყანა წმინდა საყდართან და მალტის სუვერენულ სამხედრო ორდენთან. ამ პოსტზე ჩემი მესამე მანდატის შესრულებას 2019 წლის სექტემბრიდან შევუდექი და ბედნიერი ვარ, რომ კვლავ მომეცა საშუალება კიდევ ერთხელ შევიტანო წვლილი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაში.
საქართველოსა და წმინდა საყდარს, ქრისტიანობის დასაწყისიდანვე ურთიერთობების ათასწლოვანი ისტორია აქვთ, რომელიც საუკუნეების მანძილზე შენარჩუნდა, განვითარდა და განმტკიცდა, რასაც მოწმობს საქართველოსა და ვატიკანის არქივებსა და წიგნთსაცავებში დაცული ხელნაწერი თუ ნაბეჭდი მასალები.
ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების დასტურია ორმხრივი უმაღლესი დონის ვიზიტების დინამიკაც: საქართველოში ორი პაპის, იოანე პავლე II-ესა და ფრანცისკეს სამოციქულო მოგზაურობების გარდა, შედგა წმინდა საყდრის სხვადასხვა მაღალი წარმომადგენლის ვიზიტი. საქართველოს მხრიდან არაერთი მაღალი რანგის პირი ეწვია ვატიკანს. მათ შორის, 2021 წლის ივნისში განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი, რომლის დროსაც პირველად მოეწერა ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს განათლებისა და კულტურის სფერებოში. ეს ის სფეროებია, სადაც საქართველოსა და ვატიკანს შორის თანამშრომლობა ძალიან აქტიურია. განსაკუთრებით, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო სფეროში: ქართველ სწავლულებს და მეცნიერებს შეუძლიათ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მიზნით ეწვიონ ვატიკანის უნიკალურ არქივებსა და წიგნთსაცავებს; ქართველ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ სხვადასხვა პონტიფიკალურ უნივერსიტეტებში შეისწავლონ ჰუმანიტარული, ისტორიული თუ რელიგიური მეცნიერებები.
საქართველოსა და ვატიკანს საუკეთესო პოლიტიკური ურთიერთობები აკავშირებთ. წმინდა საყდარი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე ჩვენი ქვეყნის ურყევ მისწრაფებას, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. გმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას.
წმინდა საყდართან საქართველოს საელჩო, ასევე აკრედიტებულია მალტის სამხედრო სუვერენულ ორდენთან. შესაბამისად, ჩვენი მიზანი აღნიშნულ ორდენთან თანამშრომლობის გაღრმავებაც არის.
ჩვენი საელჩოს საქმიანობის ქვაკუთხედია მხარეებს შორის ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას შეუწყოს ხელი. აქედან გამომდინარე, საელჩოს თანამშრომლებთან ერთად ძალ-ღონეს, უნარს და გამოცდილებას არ დავიშურებთ, რომ საქართველოსა და ვატიკანს შორის კულტურის, განათლების და სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიური და ნაყოფიერი გახდეს. ყოველთვის მზად ვართ, განვახორციელოთ საინტერესო ღონისძიებები, ინიციატივები და პროექტები, რათა კიდევ უფრო ამაღლდეს ცნობადობა ჩვენი ქვეყნის უძველესი ცივილიზაციის, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის, მისი მიღწევებისა და წარმატებების შესახებ.
იმედი მაქვს, რომ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიებას, მათ შორის საელჩოს საქმიანობის, დაგეგმილი ღონისძებების, ორმხრივი თანამშრომლობის და საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც შეძლებთ. ამასთან, შეგიძლიათ ეწვიოთ წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს ფეისბუქის გვერდს და ტვიტერსაც.
კიდევ ერთხელ, მადლობას მოგახსენებთ ჩვენს ვებ-გვერდზე სტუმრობისთვის.
საუკეთესო სურვილებით,