28 ნოემბერს, ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის მოზაიკაში შესრულებული ასლის ინაუგურაციის ისტორიულ ცერემონია გაიმართა


“ჩვენთვის უპირატესი პატივია, რომ დღევანდელი ღონისძიება ქართველი ერისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე იმართება. მოგეხსენებათ, ახლახან, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს. გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ დეკემბერში ევროკავშირის ლიდერები ამ რეკომენდაციის საფუძველზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ. კანდიდატი ქვეყნის სტატუსის პირობებში, ჩვენი სახელმწიფო კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპულ ოჯახს და მის სრულფასოვან წევრობას. საქართველო ევროპის ისტორიული ნაწილია - თავისი კულტურით, რწმენით, იდეალებითა და ფასეულობებით. ჩვენი ქვეყანა, საუკუნეების მანძილზე, აზიისა და ევროპის, აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების დამაკავშირებელ ბუნებრივ ხიდს წარმოადგენდა და ეს გარემოება წარმატებით უწყობდა ხელს საზოგადოებებს შორის დიალოგს, აზრთა გაცვლასა და ურთიერთობების სიმტკიცეს,”- განაცხადა მინისტრმა ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს უძველეს ქრისტიანულ კულტურასა და ტრადიციებზე ისაუბრა ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს მმართველმა კარდინალმა ფერნანდო ვერჯეს ალძაგამ, საპატრიარქოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, მეუფე დანიელმა საქართველოს პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია მეორის რომის პაპ ფრანცისკესადმი გამოგზავნილი წერილი წაიკითხა.
„მოგესალმებით ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით თქვენ და აქ შეკრებილ საზოგადოებას და სიხარულით აღვნიშნავ, რომ დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია იმ მეგობრული და ჭეშმარიტად ძმური ურთიერთობისა, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ვატიკანის სახელმწიფოს, საქართველოს ეკლესიასა და რომის საყდარს შორის უძველესი დროიდან ჩამოყალიბდა; ჩვენს ეპოქაში კი პაპ იოანე-პავლე II-ის მოღვაწეობისას განახლდა, ხოლო თქვენს პერიოდში ამ დამოკიდებულებამ კიდევ უფრო მეტი სიღრმე შეიძინა.“ - აღნიშნულია პატრიარქის წერილში.
გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდნენ, ასევე პოეტი დავით მაღრაძე და საქართველოს ელჩი წმინდა საყდართან, ქალბატონი ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს ამ ისტორიულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წვლილი შეიტანა მოზაიკის განხორციელების საქმეში.
2011 წლიდან საქართველოს საელჩო წმინდა საყდართან აქტიურად მუშაობდა ვატიკანის ტერიტორიაზე ქართული მოზაიკის განთავსების საკითხზე. ამ თემაზე ინტენსიური მუშაობა განახლდა 2022 წლიდან, საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონი ილია დარჩიაშვილის პირადი ჩართულობით. მოზაიკის სტრუქტურის პროექტის შემუშავება, საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის საბჭოს გადაწყვეტილებით დაევალა ამავე ცენტრის არქიტექტორებს ბატონ თეიმურაზ ბერიძესა და ბატონ ნიკოლოზ მაისურაძეს, ხოლო თავად მოზაიკა შეასრულა ცნობილმა ქართველმა მოზაიკოსმა ამირან ბაკურაძემ.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვთისმშობლის ძეგლები/მოზაიკები განლაგებულია ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს ჩრდილოეთ ბასტიონის კედლებზე, სადაც სპეციალური საშვის აღების შემდეგ არის შესაძლებელი დამთვარელებლის მოხვედრა. საქართველოსთვის გამოყოფილი ადგილი, საქართველოს ელჩის პაპისადმი პირადი თხოვნის და მისი მხრიდან ქართველი ხალხისა და პატრიარქის ძმური სიყვარულის გამო, ძალიან თვალსაჩინო ადგილზეა და ვატიკანის ტერიტორიაზე შესული ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი.
ამ პროექტის განხორციელება, პირველ რიგში, საქართველოს კულტურის, ეკლესიის, ხელოვნების წამრმოჩენის და პოპულარიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება და ნამდვილად უნიკალური და ისტორიული მომენტია, ვინაიდან ვატიკანის ტერიტორიაზე აქამდე არც ერთი ქართული ძეგლი არ მოიპოვება.
საზეიმო ღონისძიებაში, მონაწილეობა მიიღეს წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის (საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი) და ანდრეა პირველწოდებულის სახელობის რომის ქართული სამრევლოს