
ღონისძიება მოიცავდა ლისაბონის გრასას მონასტერში არსებული ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი უნიკალური პანოს (აზულეჟეს) ეპიზოდების ფოტო გამოფენას, თანმხლები კონფერენციით. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს წმინდა საყდართან პორტუგალიის ელჩმა დომინგუშ ფეზაშ ვიტალმა და საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა სოფო ქარცივაძემ, რომელმაც ისაუბრა ქეთევან დედოფლის განსაკუთრებულ როლზე საქართველოს ისტორიაში, მისი, როგორც დედოფლის, ქალისა და დედის ქვეყნისა და ქრისტესთვის თავდადების საოცარ მაგალითზე.

განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ვატიკანში საქართველოს ყოფილი ელჩის, ბატონიშვილ ქეთევან ბაგრატიონ მუხრანბატონის გამოსვლა, რომელიც სახელთან ერთად, დიდი დედოფლის სისხლსაც ატარებს.

გამომსვლელებს შორის იყო ნეაპოლის უნივერსიტეტის "L'Orientale"- ს პროფესორი გაგა შურღაია, რომელმაც მიმოიხილა ისტორიული ეპოქა და წინაპირობები, რომელშიც მოხდა ქეთევან დედოფლის წამება. თბილისის ილიას უნივერსიტეტის მკვლევარმა მარიეტა ჩიხლაძემ, ისაუბრა გრასას მონასტრის XVIII საუკუნის პანოზე, რომელიც კათოლიკური ეკლესიის დაკვეთით და თვითმხილველი პორტუგალიელი მისიონერების მიერ აღწერილი ისტორიების საფუძველზე შეიქმნა. ისტორიულ მეცნიერებათა პონტიფიკური კომიტეტის დელეგატის და სასულიერო არქეოლოგიის პონტიფიკური კომისიის წევრის, მონსინიორ კარლოს ალბერტუ დე პინიო მორეირა აზევედუს მოხსენება შეეხო ავგუსტინეს ორდენს და ქეთევან წამებულთან მის კავშირს. კონფერენციის მოდერატორი გახლდათ ვატიკანის ცნობილი გამომცემლობის „Civilità Cattolica”-ს დირექტორი, გრეგორიანას პონტიფიკალური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, პადრე ნუნო და სილვა გონსალვესი.

ღონისძიება გაიმართა ვატიკანში პორტუგალიის საელჩოს წარმომადგენლობაში, ვილა ლუზაში, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია რომში და მას აღმოსავლეთის ეკლესიათა დიკასტერის პრეფექტი, კარდინალი კლაუდიო გუჯეროტი, წმინდა საყდრის სახელმწიფო სამდივნოს და მალტის ორდენის წარმომადგენლები, ვატიკანთან აკრედიტებული მისიების ხელმძღვანელები, ჟურნალისტები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

კონფერენციის დასასრულს, გაიმართა მიღება, რომელზეც მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.