სააღდგომო კონცერტი წმინდა პავლეს ტაძარში - G.B. Pergolesi "STABAT MATER"
7 აპრილს, წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს, პეზაროს რენატა ტებალდისა და მარიო დელ მონაკოს აკადემიის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობით რომის ულამაზეს ბაზილიკაში ‘’სან პაოლო ფუორი ლე მურა” სააღდგომო კონცერტი გაიმართა, რომელზეც შესრულდა ჯოვანი ბატისტა პერგოლეზის ‘’სტაბატ მატერი’’. კონცერტს სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ესწრებოდნენ წმინდა საყდართან აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოს და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
🇬🇪3️⃣0️⃣🇻🇦ღონისძიება გაიმართა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილის ეგიდით.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონმა, რომელმაც ღრმა წუხილი და შეშფოთება გამოთქვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, რომელიც საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, სამწუხაროდ უცხო არ არის. “ისტორია მეორდება, 2008 წელი გაკვეთილი უნდა ყოფილიყო ყველასთვის, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა და წლების მერე მივიღეთ ის, რაც დღეს ხდება უკრაინაში”. ელჩმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის სოლიდარობის და ერთად დგომის მნიშვნელობას ამ უსამართლო ომის დამთავრებისა და მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში და ‘’სტაბატ მატერი” - ღვთისმშობლის გოდება გარდამოხსნილი იესოს ცხედართან, ყველა უკრაინელ დედას და ზოგადად, შვილებზე მგლოვიარე დედებს მიუძღვნა.
აჭარის კულტურის სამინისტროს სახელით, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ქ-ნი თეა ჭანტურიშვილი
მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და ხაზი გაუსვა ღონისძიების მნიშვნელობას.
საქართველოს საელჩო განსაკუთრებულ მადლობას უხდის კონცერტში მონაწილე მუსიკოსებს: სოპრანო ნინო ლეჟავას, რომელიც ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზტორიც გახლდათ, მეცო სოპრანო ნატალია ვოლჩენკოს და ბათუმის კაპელის თითოეულ წევრს! ასევე პაპის ორღანისტს, მაესტრო ხუან პარადელ სოლეს!
ხარების დღესასწაულის აღსანიშნავად, სოპრანო ნინო ლეჟავამ, საქართველოს პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია მეორის “ავე მარია” შეასრულა.
მადლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, პეზაროს რენატა ტებალდისა და მარიო დელ მონაკოს აკადემიის და ბათუმის მუსიკალური ცენტრის ხელმძღვანელობას ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის!
