წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ვატიკანის საიუბილეო წლის ფარგლებში, რომის ორ ისტორიულ ტაძარში ქართული გუნდების კონცერტები გაიმართა
2025 წლის 21 - 23 ნოემბერს, წმინდა საყდართან (ვატიკანი) საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ვატიკანის საიუბილეო წლის ფარგლებში, რომის ორ ისტორიულ ტაძარში ქართული გუნდების კონცერტები გაიმართა.
21 ნოემბერს, რომის პანთეონში გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტი შედგა, სადაც შესრულდა ქართული საგალობლები, ხალხური სიმღერები და ქართველ კომპოზიტორთა საგუნდო ნაწარმოებები.
აღსანიშნავია, რომ პანთეონში პირველად გაჟღერდა ქართული მრავალხმიანი მუსიკა.
23 ნოემბერს, რომის ღვთისმშობლის მთავარ ტაძარში ,,სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში’’ წმინდა სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდის/საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის სოლო კონცერტი გაიმართა. კონცერტი ,,გუნდებისა და ქორალების იუბილეს’’ ფარგლებში ჩატარდა და რომის პაპის, ფრანცისკეს ხსოვნას მიეძღვნა, რომლის საფლავიც სწორედ ამ ტაძარშია.
“სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში” გამართულ კონცერტს ესწრებოდა საქართველოს უმაღლესი რანგის სამთავრობო დელეგაცია პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით.
ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა პრემიერ მინისტრის აუდიენცია რომის პაპთან, ლეონ XIV-სთან, სახელმწიფო მდივანთან კარდინალ პიეტრო პაროლინთან და ,,საგარეო საქმეთა მინისტრთან’’, არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერთან. შეხვედრებს ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი და საქართველოს ელჩი წმინდა საყდართან, დავით მექვაბიშვილი.
24 ნოემბერს ასევე გაიმართა კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის შეხვედრა წმინდა საყდრის კულტურისა და განათლების დიკასტერიის პრეფექტთან, კარდინალ ჟოზე ტოლენტინო დე მენდონსასთან.
