საქართველოს ელჩის ქალბატონ ქეთევან ბაგრატიონ მუხრანბატონის ინტერვიუ
ვატიკანის ონლაინ გამოცემა ,,Aci Stampa’’-ს ყოველკვირეული რუბრიკის ,,Diplomazia Pontificia’’-ს პასუხმგებელი ჟურნალისტის ანდრია გალიარდუჩის კითხვებზე პასუხები
N.B. როგორც კითხვებიდან ჩანს, ჟურნალისტი ა. გალიარდუჩი იყენებს არასწორ ტერმინს ,,ოსეთს’’. მე მას წერილობით მივუთითე, რომ ტერმინი ,,ოსეთი’’ არ შეესატყვისება არც რეალობას, არც საერთაშორისოდ გამოყენებულ ტერმინს. გამოყენებული უნდა იყოს შემდეგი სახელწოდება: ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი.
1) 2008 წლის კონფლიქტი ოსეთში ჰგავს იმას, რაც დღეს ხდება უკრაინაში. არის თუ არა მსგავსება ორ კონფლიქტს შორის და რომელია ეს მსგავსება?
დიახ, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მსგავსებაზე ვინაიდან 2008 წელს რუსეთმა განახორციელა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და 2022 წელს იგივეს აკეთებს უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთის მიზნები ორივე შემთხვევაში მსგავსია და იგივეა, ეს არის უფრო დიდი გავლენის სფეროების მოპოვება. აღნიშნული მიზნების მისაღწევად უგულებელყოფს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს, იყენებს ძალისმიერ მეთოდებს.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ ჩვენ აღმოვჩნდით ახალ უსაფრთხოების და პოლიტიკურ და რეალობაში. კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობა და ზომების მიღების აუცილებლონა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო, თავის მხრივ, ყოველთვის ერთგულად იცავდა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს და დღესაც ერთგულია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის.
2) გასულ წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი არის პასუხისმგებელი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში გამოვლენილ ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებზე, რომელია ეს ფაქტები?
უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ საქართველო დიდად
აფასებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვარს მიღებულგადაწყვეტილებას, რომელიც ადასტურებს/აღიარებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპაციას და ფაქტიურ კონტროლს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, საქართველო, ტერიტორიებზე და ადასტურებს რუსეთის პასუხისმგებლობას საქართველოს ამ რეგიონებში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევაში.
სამხედრო აგრესიის დაწყებიდანვე რუსეთმა ჩაიდინა ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტები, მათ შორის ეთნიკური წმენდა, რის შედეგადაც ადგილობრივი ქართველი მოსახლეობა იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები. 500.000-ზე მეტი ადამიანია, ვინც ამაოდ ცდილობს და ითხოვს ღირსეულ დაბრუნებას თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე. საქართველო ყოველწლიურად წარადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციას ,,აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ’’, რომელსაც სულ უფრო და უფრო მეტი სახელმწიფო უჭერს მხარს. ოკუპაციის 14 წლის განმავლობაში რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში შექმნა მძიმე ჰუმანიტარული, უფლებრივი და სოციალური პირობები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ მოქალაქეებს ხელს უშლის სამედიცინო დახმარება მიიღონ საქართველოს ჯანდაცვის დაწესებულებებში, ახალგაზრდებს შეზღუდული აქვთ განათლების მიღების უფლება. რუსეთის მხრიდან უწყვეტი პროვოკაციები, საქართველოს მოქალაქეების გახშირებული გატაცებები და მათი უკანონო მსჯავრდებები ე.წ. ცხინვალის ხელისუფლების მიერ, მოქალაქეთა წამებისა და მოკვლის არაერთი შემთხვევა თუ მცოცავი ოკუპაციის აქტიური პროცესი ქმნის სრული დაუცველობის გარემოს და ზრდის ესკალაციის რისკს.
3) ოსეთში, როგორც ჩანს, გაყინული კონფლიქტია, მასზე 2008 წლის შემდეგ თითქმის არ ყოფილა საუბარი. რა რისკის შემცველია გაყინული კონფლიქტის არსებობა და რა ინიციატივები გაქვთ ამ სიტუაციაზე ყურადღების შესანარჩუნებლად?
წმინდა საყდართან აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსისადმი საახალწლო მიმართვებსა და Urbi et Orbi-ს გზავნილებში, პაპი ფრანცისკე არცთუ იშვიათად საუბრობს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის გაყინულ კონფლიქტებზე. ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ რომის პაპის სიტყვებისთვის, რომელიც ემსახურება ამ საკითხისადმი საერთაშორისო დონეზე ყურადღების შენარჩუნებას.
საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებას გამუდმებით ახსენებს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს და მის მძიმე შედეგებს, როდესაც რუსეთმა განახორციელა ფართომასშტაბიანი, სრულიად უსაფუძვლო, უკანონო და წინასწარ დაგეგმილი სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაცია და რუსეთის ფედერაციის მიერ მათი ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
მნიშვნელოვანია. რომ უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის ფონზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის თემა აქტიურად იდგეს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგის ცენტრში.
4) წელს აღინიშნება საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი. წმინდა საყდრის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე თუ საუბრობთ თუ არა ოსეთში არსებულ ვითარებაზეც, როგორია წმინდა საყდრის პოზიცია, რას გამოხატავს ამ საკითხთან მიმართებაში?
გვაქვს პატივი წელს საზეიმოდ აღვნიშნოთ საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე, რომელიც, შეიძლება ითქვას, ორიათას წლიანი ურთერთობისა და მეგობრობის გაგრძელებაა. ამ ოცდაათი წლის განმავლობაში შედგა ორი სამოციქულო ვიზიტი, წმინდა იოანე-პავლე II-ისა და პაპი ფრანცისკესი, საპასუხოდ განხორციელდა ქვეყნის ოთხი პრეზიდენტის ვიზიტი და მრავალი მაღალი დონის შეხვედრა.
რა თქმა უნდა, წმიდა საყდრის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებსა და შეხვედრებზე ყოველთვის ვსაუბრობთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, რუსეთის მიერ ამ რეგიონის მცხოვრებთა უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებზე, ადგილზე განვითარებულ მოვლენებზე.
საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 14° წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფოებთან ურთიერთობის საკითხებში მდივნის მოადგილესთან, მონსინიორ მიროსლავ ვახოვსკისთან გამართულ შეხვედრაზე გავიხსენეთ ეს ტრაგიკული თარიღი. ჩემმა თანამოსაუბრემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ, წმინდა საყდარი არ ივიწყებს არც ამ კონკრეტულ, არც სხვა მსგავს თარიღებს. ამასთან დაკავშირებით მან მოიყვანა სახელმწიფოებთან ურთიერთობების საკითხებში მდივნის ბოლო ინტერვიუ, რომელშიც არქიეპისკოპოსი პოლ რ. გალაჰერი აღნიშნავს, რომ, წმინდა საყდარს არასოდეს უღიარებია ტერიტორიების დაპყრობა ძალადობრივი მეთოდებით ან სამხედრო ძალის გამოყენებით. ეს არის წმინდა საყდრის მრავალწლიანი პოლიტიკა, რომელიც მოქმედებს ყველა ქვეყნის მიმართ.
ამ დრამატულ მოვლენასთან დაკავშირებით და იმ პერიოდში, რომელიც საერთაშორისო დონეზე კიდევ უფრო რთული გახდა რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში წარმოებული არაადამიანური ომით, რომელიც შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი სცენარით, სამოციქულო საყდარი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ არ ავიწყდება ის, რაც
14 წლის წინ მოხდა საქართველოში. ჩვენ მადლობელი ვართ წმინდა საყდრის მუდმივი მხარდაჭერისთვის, რომ ის ყოველთვის ცნობს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რომ ეს არის წმინდა საყდრის ხელშეუხებელი პოზიცია.