2 თებერვალს, ოთარ იოსელიანის დაბადების დღეს, Casa del Cinema-ში კინორეჟისორისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
‘’Buon Compleanno Otar!”
2 თებერვალს, ოთარ იოსელიანის დაბადების დღეს, რომის კინოს მოყვარულთა ცენტრში, Casa del Cinema-ში კინორეჟისორის მეგობრები, კოლეგები და თაყვანისმცემლები შეიკრიბნენ, რათა პატივი მიეგოთ ლეგენდარული ხელოვანის, ოთარ იოსელიანის ხსოვნისადმი, რომელიც 90 წლის გახდებოდა.
ღონისძიება ორგანიზებული იყო მისი იტალიელი მეგობრების - კინორეჟისორების კარლო ჰინტერმანის, ლუჩიანო ბარკაროლისა და დანიელე ვილას მიერ, ვატიკანში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით და იოსელიანის ცხოვრებისა და კინემატოგრაფიული მემკვიდრეობის მოგონება გახლდათ.
ღონისძიებას არაერთი ცნობილი კინორეჟისორი, კინოკრიტიკოსი, სცენარისტი, პრესტიჟული იტალიური და საერთაშორისო
კინოფესტივალების დირექტორი, მისი შემოქმედების თაყვანისმცემელი დაესწრო. საღამოზე იმყოფებოდნენ, ასევე, ოთარ იოსელიანის ოჯახის წევრებიც.
სხვა გამომსვლელებთან ერთად, სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს დროებითმა რწმუნებულმა ვატიკანში სოფო ქარცივაძემ, რომელმაც ისაუბრა იოსელიანის შეუდარებელ წვლილზე ქართულ და მსოფლიო კინოში, მისი ფილმების უნივერსალურ, მაგრამ
სიღრმისეულად ქართულ სულზე.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მცირე მიღება, სადაც სტუმრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს. საღამოს დასასრულს კი, კინომოყვარულებს
მისი ბოლო ფილმის ‘’Chant d'hiver’’ -ის ყურების შესაძლებლობა მიეცათ.