Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

🇬🇪🇻🇦წმინდა საყდართან და მალტის სამხედრო სუვერენულ ორდენთან საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, რომში წმინდა პავლეს ბაზილიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
 
წმინდა პავლეს საფლავზე აგებული ტაძარი, რომში მდებარე პაპის ოთხ მთავარ ბაზილიკათაგან ერთერთია და უმნიშვნელოვანესი რელიგიური დატვირთვა აქვს მთელი ქარისტიანული სამყაროსთვის. ღონისძიებას ესწრებოდნენ კარდინალი ფრანჩესკო მონტერიზი, მალტის სამხედრო სუვერენული ორდენის ახლად არჩეული დიდი მაგისტრი ფრა ჯონ ტიმოტი დანლაპი, დიდი კომენდატორი ფრა ემანუელ რუსო, ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოსა და რომიის კურიის წარმომადგენლები, წმინდა საყდართან აკრედიტებული 60-მდე ელჩი და დიპლომატი, კულტურული წრეების და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
 
ღონისძიებაზე დამსწრე პირებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ქეთევან ბაგრატიონ მუხრანბატონმა და წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არქიეპისკოპოსმა პოლ რიჩარდ გალაჰერმა.
 
ელჩმა ისაუბრა საქართველოს უძველეს ქრისტიანულ და შესაბამისად, ევროპულ ღირებულებებზე, მრავალეთნიკური საქართველოს ტოლერანტობასა და ქვეყნის დამოუკიდებლობის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაციის ერთსულოვან მისწრაფებას.
 
სტუმრებს უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ, მოესმინათ სქემარქიმანდრიტის, მამა სერაფიმე ბით-ხარიბისა და ძველი ქანდის მონასტრის გუნდისთვის, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებისთვის როგორც არამეულ, ასევე ქართულ ენაზე შექმნილი საგალობლები შეასრულეს. კონცერტმა სტუმრების სრული აღფრთოვანება დაიმსახურა.
 
ღონისძიების შემდეგ, ბაზილიკის თაღებიან ეზოში გაიმართა მიღება ქართული ღვინითა და კერძებით.
საქართველოს საელჩო უდიდეს მადლობას უხდის მამა სერაფიმეს და გუნდის თითოეულ წევრს დაუვიწყარი საღამოსთვის!