საზეიმო მიღება ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის აღმართვასთან დაკავშირებით
27 ნოემბერს, ვატიკანში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ისტორიულ სასახლეში, პალაცო დელა კანჩელერიაში, გაიმართა საზეიმო მიღება, რომელიც ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის აღმართვას და ელჩის ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონის დიპლომატიური მანდატის დასრულებას მიეძღვნა.
მიღებას ესწრებოდა წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანი, კარდინალი პიეტრო პაროლინი, რომელმაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, რომის კურიის, მალტის ორდენისა და რომის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.
ღონისძიებაზე იმყოფებოდა ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია და მინისტრის მოადგილე ქ-ნი ხათუნა თოთლაძე, რომელმაც ისაუბრა ამ ისტორიული მომენტის განსაკუთრებულობასა და მნიშვნელობაზე. სიტყვით გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონის განსაკუთრებულ წვლილს საქართველოსა და წმინდა საყდრის ურთიერთობათა განვითარებაში.
საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, ასევე საპატრიარქოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, მისმა ყოვლადმაღალუსამღვდელოესობამ, მეუფე დანიელმა და საქართველოს ელჩმა, ქალბატონმა ქეთევან ბაგრატიონ მუხრანბატონმა, რომელმაც მოკლედ შეაჯამა მისი მანდატის პერიოდში განხორციელებული აქტივობები.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართული ხალხური ცეკვისა და მუსიკის კონცერტი „სუხიშვილების“და საპატრიარქოს გუნდის მონაწილეობით.
ვატიკანში საქართველოს საელჩოს შემადგენლობა უდიდეს მადლობა ქართული ეროვნული ანსამბლის „სუხიშვილების“ ხელმძღვანელებს, ნინო და ილიკო სუხიშილებს, ასევე საპატრიარქოს გუნდის ხელმძღვანელს, მაესტრო სვიმონ ჯანგულაშვილს ღონისძიებაში მონაწილეობისათვის.