ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველო რიმინის საერთაშორისო ფესტივალზეა წარმოდგენილი

Rimini 2016იტალიის ქალაქ რიმინიში 19-25 აგვისტოს მიმდინარე ტრადიციულ საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოსადმი მიძღვნილი საინფორმაციო-საგამოფენო სივრცეა გახსნილი, სადაც მნახველებს შესაძლებლობა აქვთ ქვეყნის ისტორიასა და კულტურას გაეცნონ - როგორც ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ისე ადრექრისტიანული ეპოქით დათარიღებული ძეგლებისა და ხელოვნების ნიმუშების ფოტო-ვიდეო ასლებს, ასევე მილანის კათოლიკური უნივერსიტეტის (Sacro Cuore) სტუდენტების მიერ შექმნილ ქართული ისტორიული ძეგლების მაკეტებს.

Meeting Rimini-ის 2016 წლის გამოშვება, რომლის დევიზია „შენ სიკეთეს მოასწავებ ჩემთვის", 19 აგვისტოს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ გახსნა. ცერემონიაზე გაჟღერდა რომის პაპ ფრანცისკეს მიმართვა ფესტივალის მონაწილეებისა და ორგანიზატორებისადმი.

იმავე დღეს, გაიმართა საქართველოს გამოფენისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომელზეც მოხსენებებით წარსდგნენ ამ გამოფენის მთავარი ორგანიზატორი, ლოს-ანჯელესის კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ემერიტუსი, მოზან-ურკეშის არქეოლოგიური პროექტის დირექტორი, ქალბატონი მერილინ კელი-ბუჩელატი; საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და მილანის კათოლიკე უნივერსიტეტის (Sacro Cuore) ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სკოლის დირექტორი მარკო როსი. 

Rimini 2016

კონფერენციის მოდერატორმა, ფლორენციის უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის დოცენტმა, ბატონმა ანდრეა სიმონჩინიმ ვრცლად ისაუბრა საქართველოზე, ქართული კულტურის და მისი ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით კი, რომის პაპ ფრანცისკეს საქართველოში 30 სექტემბერს დაგეგმილი ვიზიტის წინ.

Meeting Rimini-ზე საპატიო სტუმრის სტატუსით იყო წარმოდგენილი წმინდა საყდართან (ვატიკანში) საქართველოს საელჩო, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ფესტივალის ორგანიზატორებთან.

Meeting Rimini სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ერთობლიობას წარმოადგენს, რომელსაც 1980 წლიდან ორგანიზებას უწევს კათოლიკეთა მოძრაობა Comunione e Liberazione და რომელშიც მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, რელიგიის, პოლიტიკის, სოციალური სფეროს წარმომადგენლები. ფესტივალს ყოველწლიურად ექვსასი ათასზე მეტი მნახველი ჰყავს.

 
 

Tamar Grdzelidze

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ