ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
პეტრე ხარისჭირაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

2015 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, წმინდა საყდართან საქართველოს საელჩომ პაპის აღმოსავლეთის ინსტიტუტში სამეცნიერო კონფერენცია გამართა, რომელიც ქართველი კათოლიკე სასულიერო და საზოგადო მოღვაწის, მამა პეტრე ხარისჭირაშვილის ხსოვნას მიეძღვნა.

სამეცნიერო კონფერენციას რომის კურიის, ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, ევროპის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ასევე იტალიაში მცხოვრები ქართული სათვისტომოს წევრები და ქართველი სტუდენტები ესწრებოდნენ.

ღონისძიების მონაწილეებს წმინდა საყდართან საქართველოს ელჩმა თამარ გრძელიძემ და ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ მიმართეს.

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ გამოჩენილი ქართველი და უცხოელი მეცნიერები, გაგა შურღაია ("საქართველოში ქრისტიანული ცივილიზაციის საწყისებთან"), მერაბ ღაღანიძე ("პეტრე ხარისჭირაშვილი და ქართველ კათოლიკეთა სათვისტომო XIX საუკუნეში"), ლუიჯი მაგაროტო ("ურთიერთობები წმინდა საყდარსა და საქართველოს სამეფოს შორის"), პატრიცია ლიჩინი ("საქართველო და ჯვაროსნული ლაშქრობები"), ტიმონ ხმელეცკი ("მამა იოანე ანტონიშვილი და სხვა გამოჩენილი ქართველი კათოლიკე სასულიერო მოღვაწენი XIX-XX სს-ში").

ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა პაოლა ზაზაძე-არიგომ, რომლის ოჯახიც 1936 წლიდან "ქართველ კათოლიკეთა ფონდს" ხელმძღვანელობს და დღემდე უვლის და ინახავს მამა პეტრეს მიერ სტამბოლში დაარსებულ კათოლიკურ მონასტერს.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, პაპის აღმოსავლეთის ეკლესიების კონგრეგაციის პრეფექტმა, კარდინალმა ლეონარდო სანდრიმ რომის სანტა მარია მაჯორეს ტაძარში მამა პეტრეს სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.

"პეტრე ხარისჭირაშვილმა ქართველი ერის, მისი ენისა და ტრადიციების განსაკუთრებული სიყვარულით იცხოვრა, რაზეც მისი სასულიერო მოღვაწეობა და საგამომცემლო საქმიანობა მეტყველებს" - განაცხადა ქადაგებისას კარდინალმა სანდრიმ.

პეტრე ხარისჭირაშვილი ქართველ კათოლიკეთა ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენელია, რომელიც თავისი მაღალი ზნეობითა და მტკიცე ქართული პატრიოტული პოზიციით გამოირჩეოდა. ალექსანდრეპოლისა და რომის სასულიერო სასწავლებლებში განათლებამიღებულმა პეტრემ, რომელიც სრულყოფილად ფლობდა ფრანგულ, იტალიურ, გერმანულ, ბერძნულ, პოლონურ და თურქულ ენებს, ვენეციასა და სტამბოლში ქართული სტამბები დააარსა. ხარისჭირაშვილის დაარსებულია სტამბოლში, ფერიქოის უბანში მდებარე ღვთისმშობლის უმანკოდ ჩასახვის სახელობის ქართული კათოლიკური მონასტერი, რომელსაც დღემდე ზაზაძეთა ოჯახი პატრონობს.

 
 

Tamar Grdzelidze

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ