ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
მილანში პროფესორ ნინო ყაუხჩიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

2015 წლის 13 სექტემბერს, მილანში, კულტურის ფონდ "Ambrosianeum"-ში ცნობილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ბერგამოს უნივერსიტეტის პროფესორის, ნინო ყაუხჩიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, რომელზეც წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოც იყო წარმოდგენილი და რომლის ორგანიზატორები, ოჯახთან (წარმოდგენილი ფრანჩესკა მელცი დ'ერილ ყაუხჩიშვილის სახით) ერთად, იყვნენ დუმენცას და ბოზეს სამონასტრო საზოგადოებები, ასევე მილანის ვია სამბუკოს საზოგადოება.

ღონისძიებაზე, რომელსაც არა მარტო ქართული და იტალიური, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების სამეცნიერო და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ახალგაზრდა მკვლევარები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ, მოხსენებით გამოვიდნენ სახელოვანი მეცნიერები, ნინო ყაუხჩიშვილის კოლეგები და სტუდენტები. მათ ვრცლად ისაუბრეს ევროპული კულტურის წინაშე ქართველი მეცნიერის ღვაწლზე და დამსახურებებზე, გაიხსენეს ნინო ყაუხჩიშვილთან ერთად გატარებული წლები ევროპის საუნივერსიტეტო ქალაქებში.

გამომსვლელებს შორის იყვნენ ბერგამოს უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტის პროფესორი, ქალბატონი როზანა კაზარი; პარიზის ბერნარდინელთა კოლეჯის წარმომადგენელი და უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტის ეკუმენურ კვლევათა ინსტიტუტის დირექტორი, ბატონი ანტუან არჟაკოვსკი; დუმენცას მონასტრის ბენედიქტელი ბერი ადალბერტო პიოვანო; სანკტ-პეტერებურგის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენელი, ბატონი გელიან პროხოროვი; ბოზეს მონასტრის წარმომადგენელი ადალბერტო მაინარდი. კონფერენციას მოდერატორობდა ბერგამოს უნივერსიტეტის რუსული ენისა და ლიტერატურის ასოცირებული პროფესორი, ქალბატონი მარია კიარა პეზენტი, მუსიკალურად კი აფორმებდა პიანისტი მიკელე ბენუცი.

ქალბატონი ნინო ყაუხჩიშვილი, რომელიც იტალიაში "საქართველოს მეგობართა ასოციაციის" დამაარსებელი იყო, წლების მანძილზე დაუღალავად შრომობდა ქართული კულტურის წარმოჩენის, ახალგაზრდა ქართველი მეცნიერების მხარდაჭერისა და საქართველოში უპოვარ ბავშვთა დახმარების საკითხებზე.

 
 

Tamar Grdzelidze

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ