საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საერთაშორისო კონფერენცია 'რადიკალური ეკოლოგიური გარდაქმნა Laudato si-ის მიხედვით'

Creatures7-8 მარტს პაპის გრეგორიანას უნივერსიტეტი უმასპინძლებს კონფერენციას "რადიკალური ეკოლოგიური გარდაქმნა Laudato si'-ის მიხედვით: ყველა ქმნილებისთვის დამახასიათებელი ღირებულების გამოსავლენად", თეოლოგების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და პრაქტიკოსი გარემოს დამცველების მონაწილეობით. 

ორდღიანი კონფერენცია წმინდა საყდართან აკრედიტებული სამი საელჩოს - გერმანიის, ნიდერლანდების და საქართველოს, ასევე პაპის გრეგორიანას უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის თაოსნობით გაიმართება. კონფერენცია საგანმანათლებლო ხასიათისაა და იმ საკითხების წინ წამოწევას ემსახურება, რომელიც ფართო საზოგადოების განსასჯელად არ გამოტანილა მიუხედავად იმისა, რომ პაპის ენციკლიკა, რომელმაც პოპულარობით, ალბათ, პონტიფექსის ხელიდან გამოსულ დღემდე არსებულ ყველა დოკუმენტს გადააჭარბა, ყურადღებას ამახვილებს ღვთის ქმნილების შინაგან ღირებულებაზე (იხილეთ, Laudato si' 11-12, 42, 66-69, 83, 92, 100).

კონფერენციის უპირველესი მიზანია დიალოგი სამეცნიერო, საეკლესიო და სამოქალაქო საზოგადოებას შორის იმ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო (განსაკუთრებით, მართლმადიდებელ ეკლესიასა და კათოლიკე ეკლესიაში) და საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში მეტ-ნაკლებად ცნობილია, მაგრამ მათზე სათანადო რეაგირება ვერ ხერხდება. Laudato si'-ის პოპულარობა უტყუარი ფაქტია: ენციკლიკამ მაშინვე მიიპყრო ფართო საზოგადოების ყურადღება, მაგრამ მისი გავლენა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული და ამდენად, შეფერხებულია. დოკუმენტი, რომელიც დისკუსიის უშრეტ წყაროდ იქცა სამეცნიერო, თუ საეკლესიო საზოგადოებაში, გარკვეულწილად საშიშროების წინაშეა, რომ ამავე დისკუსიებში ჩაიკარგოს. ცხადია, საზოგადოების ყურამდე ინტეგრალური ეკოლოგიის საკითხების მიტანა, თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ყველაფერს აუცილებლად ესაჭიროება პოლიტიკური ნება, რომელიც ხელს შეუწყობს ხორცი შეესხას ცივილიზაციის საუკეთესო მონაპოვარს, ადამიანის რწმენის, განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობის დიალოგს.

მნიშვნელოვანია ფართო საზოგადოებამდე იმ ცოდნის მიტანა, რომ ეკლესიაც და მეცნიერებაც აღიარებს ყველა ქმნილებისთვის, ყველა ორგანიზმისთვის დამახასიათებელ ღირებულებას, ხოლო ეს ცოდნა, თავის მხრივ, გააძლიერებს ეთიკურ მოძღვრებას ადამიანის მიერ გარესამყაროს უსაზღვრო ექსპლუატაციის წინააღმდეგ. თუ დიალოგის შედეგი შეაღწევს განათლებისა და აღზრდის სხვადასხვა დონეზე და მარტივ ჭეშმარიტებად იქნება მოაზრებული, მის პოლიტიკურ განხორციელებას მეტი შესაძლებლობა შეექმნება. კონფერენცია კრიტიკულია ქრისტიანული ანთროპოლოგიის იმ მიმართულების მიმართ, რომელიც ღვთის ხატად ადამიანის მოაზრებაში ხედავს ადამიანის განვითარებას, ღვთისკენ სწრაფვას, სხვა ცოცხალი ორგანიზმებისგან დამოუკიდებლად მაშინ, როცა ამ განვითარების ერთ-ერთი წყარო სწორედ ცოცხალ ორგანიზმებთან ურთიერთობით მიღებული გამოცდილებაა.

აქვს თუ არა გავლენა ადამიანის აზროვნებასა და ქმედებაზე სამყაროს შესახებ ცოდნის გაღრმავებას? რიტორიკული შეკითხვაა.