საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოსა და ვატიკანს შორის პირველი ისტორიული თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა

 

ვატიკანში, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პირველად მოეწერა ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს. 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის განათლება და კულტურა ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებებია. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ და გავაღრმავოთ ჩვენი ქვეყნის ღრმა ტრადიციები და ქრისტიანული ღირებულებები, რომელთა განვითარებაც ძალიან ფასეულია.

„ერთ-ერთი ასეთი ტრადიციული ღირებულება ტოლერანტობა და შემწყნარებლობაა, რომელიც საქართველოს ისტორიულად მოჰყვება. საქართველოში მიღებულია ყველა რელიგიისა და აღმსარებლობის ადამიანი. საქართველო კულტურათშორისი დიალოგის ერთ-ერთი ცენტრია და ჩვენ ეს უნდა შევინარჩუნოთ. დღეს ამ გზაზე და ამ მიმართულებებით თქვენთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“,- განაცხადა პრეზიდენტმა. 

საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრისას რამდენიმე ინიციატივით გამოვიდა, მათ შორის, საქართველო - ვატიკანის მუდმივმოქმედი სამეცნიერო საბჭოს შექმნის შესახებ, რომელიც ძველი ქართული ქრისტიანული ლიტერატურის თარგმანს განახორციელებს. 

კულტურისა სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ვატიკანის კულტურის პონტიფიკალური საბჭოს პრეზიდენტმა, კარდინალ ჯანფრანკო რავაზიმ და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა სიხარულიძემ მოაწერეს.



კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის კახა სიხარულიძის განცხადებით, ხელმოწერილი მემორანდუმი ძალაში უკვე უკვე დღეიდან შევიდა და ის საშუალებას მოგვცემს, ვატიკანთან კულტურის სფეროში ჩვენი თანამშრომლობა განვავითაროთ.

„მემორანდუმი მნშვნელოვანია და ის კულტურის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოსა და ვატიკანს შორის ურთიერთობებში“, - განაცხადა კახა სიხარულიძემ.