საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი

ვატიკანში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვატიკანის კათოლიკური განათლების კონგრეგაციას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნულ მემორანდუმს ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა და კათოლიკური განათლების კონგრეგაციის პრეზიდენტმა ჯუზეპე ვერსალდმა მოაწერეს.

მემორანდუმი ხელს შეუწყობს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას განათლებისა და მეცნიერების სფეროებში, კერძოდ, ქრისტიანული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის საქმეში. მეცნიერებს, მკვლევრებსა და მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, იმუშაონ ვატიკანის ბიბლიოთეკებში, არქივებსა და მუზეუმების საცავებში, რაც მხარეებს აკადემიური ცოდნის, ინფორმაციის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის შესაძლებლობას მისცემს.

ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, მემორანდუმის საშუალებით შესაძლებელი იქნება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ვატიკანის არქივების თანამშრომლობა, რის შედეგადაც ქართველი მკვლევრებისათვის ხელმისაწვდომი გახდება ვატიკანში დაცული მდიდარი საარქივო მასალა. კვლევის შედეგები კი საჯარო გახდება ფართო საზოგადოებისათვის.

მემორანდუმი ასევე შეუწყობს ხელს აკადემიურ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობასა და ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას, კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციას სამეცნიერო კვლევებისა და აკადემიური საქმიანობის საშუალებით.