საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

„ელჩების კონფერენცია 2020“-ზე საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებზე იმსჯელეს

ელჩების კონფერენცია 2020“-ის ფარგლებში გაიმართა სამუშაო სესია საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებზე და კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე, ასევე საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხზე.

დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს მიმდინარე წელს ევროპის ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობებში მიღწეულ წარმატებებზე და იმსჯელეს სამომავლო პრიორიტეტებზე.

მსოფლიოს მასშტაბით კოვიდ პანდემიით შექმნილი ტურბულენტური გარემო და ვირუსის გავრცელებით განპირობებული სირთულეები კვლავ 2020 წლის მთავარ გამოწვევად დასახელდა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზალკალიანმა ვრცლად ისაუბრა ამ საკითხზე და ყურადღება გაამახვილა ახალ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობების გაერთიანებული ძალებით მუშაობის მნიშვნელობაზე.

ამ კუთხით, მან ხაზგასმით აღნიშნა უახლოეს პერიოდში ვირუსის გავრცელების შესამცირებლად შექმნილი ვაქცინის საქართველოში შემოტანისთვის მუშაობის გაძლიერების აუცილებლობა.

ევროინტეგრაციის კუთხით საუბარი შეეხო 2020 წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებს, მათ შორის მზადებას აღმოსავლეთ პარტნიორობის 2021 წლის სამიტისთვის.

ასევე, 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გასაკეთებლად გადადგმულ ნაბიჯებზე, ისევე როგორც ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით დასახული ამოცანების შესრულებაზე.