საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

წმინდა საყდართან და მალტის ორდენთან საქართველოს ელჩის მისასალმებელი სიტყვა

საქართველო, რომელსაც, მაქვს  პატივი ვემსახურო და წარმოვადგინო წმინდა საყდართან და მალტის სუვერენულ სამხედრო ორდენთან, ამაყობს თავისი მრავალსაუკუნოვანი და, შესაბამისად, მნიშვნელოვანი მოვლენებით სავსე  ისტორიით, ისევე როგორც ყველა უძველესი სახელმწიფო.


საქართველო ლეგენდებისა და ამორძალების, ქალღმერთების მიერ  კავკასიონზე მიჯაჭვული პრომეთეს, ოქროს საწმისის ქვეყანაა, რომლის საძებნელად არგონავტები იასონთან ერთად გაეშურნენ კოლხეთისკენ, სადაც მან ამ ქვეყნის მეფის  ასული მედეა მოხიბლა. კოლხეთის სამეფოს  დედაქალაქი დღეს ქუთაისის სახელით არის ცნობილი.


თავისი არსებობის მანძილზე, საქართველომ ცივილიზებული სამყაროს ისტორიული განვითარების ყველა ეტაპი გაიარა, დაწყებული დმანისის ჰომინიდებით. თბილისის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ამ ადგილას აღმოჩენილი ჩონჩხის ფრაგმენტები 1,8 მილიონი წლისაა, უძველესია მთელ ევროპულ რეგიონში და იმ დროის სტაბილური საზოგადოების არსებობის  უტყუარი მოწმეა.


ჩვენი ეპოქის პირველი საუკუნიდან დაიწყო საქართველოში ქრისტიანობის გრძელი და გამორჩეული ისტორია, რამაც დიდწილად განსაზღვრა ქვეყნის მომავალი განვითარება.

 

ტრადიციის თანახმად, თავად ღვთისმშობელს ჰქონდა მინიჭებული საქართველოს გაქრისტიანების მისია. გასულ წელს, საქართველოს ეკლესიამ 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომობის დღედ დაადგინა, რომელიც, ასევე, ერთ-ერთ სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადდა. ღვთისმშობელმა საქართველოში ანდრეა პირველწოდებული, პეტრეს ძმა და სიმონ კანანელი გამოაგზავნა. მოციქული მატათაც იყო  ჩვენს ქვეყანაში მოვლენილი, გარდაიცვალა გონიოში, ბათუმის მახლობლად, აქ არის მისი დაკრძალვის ადგილი, სადაც დღემდე თაყვანს სცემენ. 300-იანი წლების პირველ ათწლეულში, ღვთისმშობლის შთაგონებით, ,,მოციქულთა სწორმა’’  წმინდა ნინომ  კაბადოკია დატოვა და იბერიისკენ გაემგზავრა, სადაც მან  მეფე მირიან III-ე მოაქცია, ხოლო 337 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.


ამჟამად, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, ერთ-ერთ უძველეს ავტოკეფალურ საპატრიარქოს, 1977 წლიდან მუხლჩაუხრელად უძღვება უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ყველასთვის საყვარელი და პატივცემული  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.


იმ მიწაზე, სადაც სამი აბრაამული რელიგია საუკუნეების განმავლობაში, მშვიდობიანად თანაცხოვრობს,  პატარა ქართული კათოლიკური ეკლესია შესამჩნევ დინამიზმსა ავლენს და საინტერესო ინიციატივებს ახორციელებს.


საქართველოსა და წმინდა პეტრეს მემკვიდრის ეკლესიას ურთიერთობების ათასწლოვანი ისტორია აქვთ, ქრისტიანობის დასაწყისიდანვე, რაც კიდევ ერთხელ განმტკიცდა როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის 1980 წლის 6 ივნისს ვატიკანში სტუმრობით, ისტორიული შეხვედრით, რომლის ორმოცი წლის იუბილე წელს სრულდება, ასევე ორი პაპის საქართველოში ვიზიტით. 1999 წლის 8 და 9 ნოემბერს წმიდა იოანე პავლე II-ე, ხოლო 2016 წლის 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პაპი ფრანცისკე ეწვია ჩვენს ქვეყანას.საქართველოში განხორციელებული სამოციქულო ვიზიტიდან 2016 წლის 2 ოქტომბერს   დაბრუნებულმა რომის პაპმა ფრანცისკემ წარმოთქვა სიტყვები, რომლებმაც  ჩვენი ხალხის გულში დაიდეს ბინა: ”საქართველოში სიურპრიზები დამხვდა: პირველი სიურპრიზი საქართველოა. ვერასოდეს წარმომედგინა ამდენი კულტურა, ამდენი რწმენა, ამდენი ქრისტიანობა (...) მრავალი მოწამე. აქ აღმოვაჩინე ის, რაც  არ ვიცოდი:  ქართული რწმენის ღრმა ფესვები. პაპი განაგრძობს: ,,თქვენი სამშობლოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია  იმ ღირებულებებშია ფესვებგადგმული, რომელიც შემდეგ თავის კულტურაში, ენაში, ტრადიციებშია გამოხატული,  რითაც ქვეყანას სრულად,  შედეგიანად  და თავისებურად აქცევს ევროპული ცივილიზაციის კალაპოტში; ამავე დროს, როგორც მისი გეოგრაფიული მდებარეობა აჩვენებს, იგი თითქმის ბუნებრივი ხიდია  დასავლეთსა და აღმოსავლეთს  შორის ”.


მართლაც, უხსოვარი დროიდან, საქართველოს სტრატეგიულმა პოზიციამ ევროპისა და აზიის მთავარ სავაჭრო მარშრუტზე,  განსაზღვრა მისი ბედიცა და უბედობაც.


ამჟამად, 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული ჩვენი საყოველთაოდ აღიარებული საზღვრების დარღვევით. ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დევნილი და ლტოლვილი გახდა მშობლიურ მიწაზე და კვლავ იმედიანად ელოდებიან საკუთარ სახლებში დაბრუნებას. გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული, მცოცავი ანექსია, "ბორდერიზაცია",   მნიშვნელოვნად გაიზარდა, ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან კიდევ უფრო გახშირდა პროვოკაციები.


მაშინ, როცა მთელი მსოფლიო კორონავირუსის (Covid-19) გლობალური პანდემიის მძიმე შედეგებს ებრძვის, საოკუპაციო ძალები  ახორციელებენ მცოცავ ანექსიას, ,,ბორდერიზაციას’’, ოკუპირებულ რეგიონებსა და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს შორის გამყოფი ხაზის გასწვრივ, ააქტიურებენ მავთულხლართების გავლებას, .. „საზღვრისაღმნიშვნელო ბანერების დაყენებას. ბოლო შემთხვევა 21 მაისს მოხდა 5 დღის წინ, სოფელ მერეთში (გორის რაიონი).


ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება უსაფრთხოების თვალსაზრისით  შემაშფოთებელია, დიდი ხანია რაც ირღვევა ადამიანის ელემენტარული უფლებები. ამის ნათელი მაგალითია ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება და  საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა მისი განთავისუფლებისთვი, რაც მოხდა მისი უწმინდესობა რომის პაპის სახელმწიფო მდივნის კარდინალ პიეტრო პაროლინის საქართველოში ვიზიტის დროს.


საქართველოს სურს ამ პრობლემური საკითხების მოგვარება დიპლომატიის, დიალოგის, მშვიდობის გაუნელებელი ძიების გზით.


ამ გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანა წინ მიიწევს,  დემოკრატიული განვითარების გზით მიდის, ახორციელებს რეფორმებს, წარმატებით მიყვება ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პროცესს, საერთაშორისო საზოგადოების მიერ სანდო პარტნიორად არის მიჩნეული და ხშირად პროგრესის მწვერვალზე  გვევლინება, როგორც მაგალითად 2018 წლის ნოემბერში, როდესაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა და შეურთდა ქალ სახელმწიფო მეთაურთა მცირე რაოდენობას, ან,  როდესაც, 2018 წლის პირველ იანვარს ზურაბ პოლოლიკაშვილმა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნის პოსტი დაიკავა, ყველაზე ახალგაზრდა მათ შორის, ვინც ოდესმე ყოფილა არჩეული ამ თანამდებობაზე.


2019 წლის 27 ნოემბერს საქართველომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ჩაიბარა მომდევნო 6 თვის პერიოდით. როგორც ცნობილია, საქართველომ, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის შემდგომი ხელშეწყობისა და კიდევ უფრო გაძლიერებისათვის თავმჯდომარეობის შემდეგი პრიორიტეტები შეარჩია: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვასამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდების ჩართულობით. CMCE-ს საქართველოს თავმჯდომარეობის სამოქმედო პროგრამა მოიცავდა თავმჯდომარეობის ძირითად პრიორიტეტებთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზებას. საქართველოს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის საქიანობის განხორციელება  6-დან 2 თვე, კოვიდ-19 პანდემიის დროს მოუწია. ყველაზე რთული გამოწვევა სამუშაოს ორგანიზება იყო, რადგან უპრეცედენტო ვითარება მოითხოვდა დაუყოვნებლივ ახალი მეთოდების შემუშავებას, როგორიცაა წერილობითი პროცედურები და ვიდეო კონფერენციები. შედეგად, მინისტრთა კომიტეტისთვის შესაძლებელი გახდა შეხვედრების გამართვა და გადაწყვეტილებების მიღება. საქართველოს თავმჯდომარეობის დროს  გაწეული საქმიანობა და მიღწეული შედეგები დადებითად შეაფასეს ორგანიზაციის მაღალჩინოსნებმა. 2020 წლის 15 მაისს საქართველომ პრეზიდენტობა საბერძნეთს გადააბარა.


ხაზგასმით აღსანიშნავია აგრეთვე საქართველოსა და შეერთებულ შტატებს, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს შორის ურთიერთობის მნიშვნელოვანი შედეგები.


რაც შეეხება  ვირუსის გავრცელებით გამოწვეულ საგანგებო მდგომარეობას, საერთაშორისო საზოგადოებამ, ჯანმო-მ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა მოიწონეს და დადებითად შეაფასეს ჩვენი მთავრობისა და ჯანდაცვის ორგანოების ძალისხმევა, რომლებმაც დროულად გამოიყენეს ეფექტური და ოპერატიული მეთოდები COVID-19-ის წინააღმდეგ და გავრცელების შესაკავებლად, რითაც თავიდან იქნა აცილებული გარდაცვალების დიდი რიცხვი. საქართველოს ხელისუფლებამ Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლა 28 იანვარს დაიწყო, 26 თებერვალს დადასტურებულ პირველ შემთხვევამდე ერთი თვით ადრე. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 21 მარტს, ბრძოლა ორი მიმართულებით წარიმართა: ჯანმრთელობის დაცვა და მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენა, ქართული ეკონომიკის მხარდაჭერა. შემუშავდა ანტიკრიზისული ეკონომიკური  გეგმა, რომლის პირველი ეტაპი ითვალისწინებდა მოქალაქეების, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველთა და გაჭირვებულთათვის,  ასევე მეწარმეებისთვის გადაუდებელი დახმარების გაწევას. Covid-19–ის ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიური ეფექტის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, მთავრობამ გააქტიურა გეგმის მეორე ფაზა, რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკური სექტორისათვის დახმარების გაწევას  პანდემიის დროს და მის შემდეგ.


გეგმის პირველი შედეგები უკვე სახეზე გვაქვს მოქალაქეთა თანამშრომლობისა და, ცხადია, საავადმყოფოთა ქსელის სამედიცინო და სანიტარული პერსონალის მიერ გამოჩენილი თავდადებისა და სიმამაცის წყალობით,  რომელთა მიმართ, ჩვენ, ყველანი უდიდეს მადლიერებას გამოვხატავთ. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც 1 ივლისს უსაფრთხოდ გაუხსნის კარს ტურისტებს.


ქვეყნის ბუნების სილამაზე,  თავისი  თხუთმეტი განსხვავებული მიკროკლიმატით, საოცრად ერწყმის და ინდივიდუალურს ხდის მის უძველეს ცივილიზაციას, მთელ ტერიტორიაზე მიმოფანტულ ისტორიულ ძეგლებს, მუსიკას,  ცეკვას, სიმღერას - 2001 წელს იუნესკომ ქართული პოლიფონია აღიარა, როგორც მსოფლიო არამატერიალური კულტურის ძეგლი - და, ბოლოს  არანაკლებ მნიშვნელოვანს,  კულინარიულ ხელოვნებას და ღვინის წარმოებას!


ჩვენი ქვეყანა თანამედროვე მსოფლიოში უკვე ერთხმად აღიარებული ღვინის სამშობლოა. მას ღვინის კულტურასთან რვაათასწლიანი უწყვეტი ისტორია აკავშირებს, აქ 500-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი იზრდება და  გამოიყენება ქვევრის ღვინის წარმოების უნიკალური მეთოდი, რომელიც 2013 წელს UNESCO- მიერ მსოფლიოს არამატერიალური  მემკვიდრეობის კულტურულ ძეგლად გამოცხადდა.

 

ქართული ღვინით ვადღეგრძელებთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!

ამავე სადღეგრძელოთი გულწრფელ მადლობას მოვახსენებთ წმიდა საყდარს და მალტის სუვერენულ სამხედრო ორდენს საერთაშორისო დონეზე გაწეული მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის!

 

პატივცემულო მეგობრებო, ძვირფასო თანამემამულენო, წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს და პირადად ჩემი სახელით, საუკეთესო სურვილებით,  გილოცავთ  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ჩვენ მოსიყვარულე და ძლიერი, ადამიანური ღირებულებებით, სოლიდარობისა და თაობათაშორის მხარდაჭერის გრძნობით გაჟღენთილი ერი ვართ, რომელსაც ყოველთვის უყვარდა, უყვარს და ეყვარება თავისუფლება.


დიდება ქართველ ხალხს, გაუმარჯოს საქართველოს!

 

მისი სამეფო აღმატებულება ბატონიშვილი ქეთევან ბაგრატიონ მუხრანბატონი,
საქართველოს საგანგებო და სრულუფლენიანი ელჩი წმინდა საყდართან და მალტის სუვერენულ სამხედრო ორდენთან.