საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ სამედიცინო კონსულტაციას მიიღებენ

დავით ზალკალიანის განცხადებით, საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეები კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ სამედიცინო კონსულტაციის მიღებას შეძლებენ. მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო იმყოფება მუდმივ კავშირზე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან და უკვე დაგეგმილია ერთობლივი ონლაინ კონსულტაციის მომსახურების დაწყება. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული.

 

„ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ, თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან აქვთ ბევრი შეკითხვა. ჩვენი საელჩოები და საკონსულოები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მათ დაეხმარონ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებაში. ჩვენ შევთანხმდით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, რომ თბილისში შეიქმნას სპეციალური მომსახურება, რომლის მეშვეობით ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ ონლაინ კონსულტაციის მიღებას სპეციალისტებისგან“.

 

საქართველოს საელჩოები და საკონსულოები მუშაობენ 24 საათიან რეჟიმში, რათა ყველა ქვეყანაში მოახდინონ კორონავირუსით დაავადებული საქართველოს მოქალაქეების ზუსტი აღრიცხვა: „გვაქვს რამდენიმე შემთხვევა საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში და გერმანიაში. ყველა ეს შემთხვევა არის მკაცრად აღრიცხული. ბუნებრივია, ვართ კომუნიკაციაში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. ერთობლივი ონლაინ კონსულტაციის მომსახურების დაფუძნება, სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ ეს ყველა ადამიანი, ვინც ჩვენ აღრიცხული გვყავს და სახლის პირობებში გადის თვითიზოლაციას, იყოს ინფორმირებული ქართველი სპეციალისტების მიერ და ჰქონდეს შესაბამისი რეკომენდაცია კონკრეტული შემთხვევებიდან გამომდინარე“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.