საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თამარ გრძელიძის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა რომის პაპთან

15 ნოემბერს, დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თამარ გრძელიძის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა რომის პაპ ფრანცისკესთან.

შეხვედრაზე მხარეებმა გასული 4 წლის საქმიანობა შეაჯამეს და საქართველო-წმინდა საყდარს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები პოზიტიურად შეაფასეს. აღინიშნა კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის მზარდი დინამიკა. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის განხორციელებულ უმაღლესი დონის ვიზიტებს. ამ კონტექსტში, საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა 2016 წელს რომის პაპის ვიზიტზე საქართველოში.

თავის მხრივ, პაპმა ფრანცისკემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ელჩს წმინდა საყდარში საქმიანობის პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებასა და გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

თამარ გრძელიძემ რომის პაპს, სპეციალურად მისი უწმინდესობისათვის, ქართველი ხატმწერის დავით ხიდაშელის მიერ შექმნილი წმინდა ფრანცისკეს ხატი გადასცა საჩუქრად.

თამარ გრძელიძე მიმდინარე წლის 31 დეკემბერს ასრულებს მისიას წმინდა საყდართან.