საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პოლ რიჩარდ გალაჰერის ლექცია

მთავარეპისკოპოსი პოლ რიჩარდ გალაჰერის საჯარო ლექცია, რომელიც თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში 23 ოქტომბერს გაიმართა. 

„უნივერსიტეტის მუზეუმის ამ დარბაზის მნიშვნელობაზე საუბრისას, რომელიც დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი წლისთავისადმია მიძღვნილი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ უნივერსიტეტის დამფუძნებელ მამებს შორის იყო ცნობილი ქიმიკოსი და მეცნიერებათა აკადემიის წევრი სხვადასხვა ქვეყანაში, პროფესორი პეტრე მელიქიშვილი, ქართველი კათოლიკე, რომელიც ამ უნივერსიტეტის პირველ რექტორად აირჩიეს. ის ერთ-ერთია იმ ქართველ კათოლიკეებს შორის, რომელთაც ამ ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.

ნება მიბოძეთ ასევე აღვნიშნო მამა მიხეილ თამარაშვილის - ქართველი კათოლიკე მღვდლისა და საქართველოს მნიშვნელოვანი ისტორიკოსის, ასევე მისი მრევლის - მათ შორის მღვდლების - პეტრე ხარისჭირაშვილის, დიმიტრი თუმანიშვილის, ძმები ანტონიშვილებისა და ანტონი გლახაშვილის პიროვნებები. გავიხსენოთ ასევე, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს ეროვნული ოპერის დამფუძნებელი, ‘დაისის’ შემქმნელი ზაქარია ფალიაშვილი კათოლიკე იყო. საქართველოს ეროვნული ჰიმნი ნაწილობრივ მისი მუსიკითაა შთაგონებული.

ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ წმიდა საყდრის დიპლომატია მშვიდობის დიპლომატიაა. ეს მომდინარეობს მისი ბუნებიდან, რომელიც ღრმად არის ფესვგადგმული კაცობრიობის, თითოეული ადამიანის სამსახურში, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის გარეშე, ასევე ადამიანის ღირსებისა და ინტეგრალური განვითარების ხელშეწყობაში, როგორც ამას სახარება გვასწავლის - ღვთიური სიტყვა კაცობრიობისთვის უნივერსალური გზავნილი ხდება.

ეს რელიგიური და ქრისტიანული ხედვა, ინდივიდუალურ ინტერესებს, შურისძიებას, აგრესიას ან შანტაჟს მოკლებული, წარმოადგენს კათოლიკე ეკლესიის, მისი ინსტიტუციებისა და დიპლომატიის თითოეული ქმედების მშვიდობიან და საყოველთაო ლეიტმოტივს, რომელიც ყოველთვის მიმართულია ხალხისა და საზოგადოების საერთო კეთილდღეობაზე. დროთა განმავლობაში, ის ადამიანთა ისტორიის სირთულით გამოწვეული არასრულყოფილებისა და შეცდომებისგან გაწმენდილი გზავნილი ხდება.

წმინდა საყდრის დიპლომატიას უფრო მეტი თავისუფლებით შეუძლია ერთ მხარეს აუხსნას მეორის პოზიცია და გააფრთხილოს ისინი იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც გამომდინარეობს საკუთარ თავზე ორიენტირებული მსოფლხედვიდან. შეიძლება პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მაგრამ სიმართლეა, რომ წმიდა საყდარი თავისთვის არაფერს ეძიებს. ის არ მოქმედებს ერთდროულად სხვადასხვა ადგილას იმისათვის, რომ არსად არ დამარცხდეს. ადამიანური პერსპექტივიდან გამომდინარე, პაპის დიპლომატიის მიზანია თითქმის შეუძლებელს მიაღწიოს, მაგრამ სახარების პერსპექტივიდან გამომდინარე, ეს აუცილებელია. იგი მოქმედებს იმისთვის, რომ მეზობელი ქვეყნები დიალოგს დაუბრუნდნენ და შეწყდეს ბომბების გამოყენებამდე მისული სიძულვილი.

დღევანდელი მსოფლიო განსხვავებული ტიპის კონფლიქტების წინაშე დგას - პირდაპირი ომები, მარიონეტული ომები, სამოქალაქო ომები, ჰიბრიდული ომები, გაყინული ან გადადებული ომები - რაც ადრე თუ გვიან ტრანსნაციონალურ კონფლიქტებად გადაიქცევა. ეს გაურკვეველი სიტუაცია, დიდი, საშუალო და მცირე მოთამაშეების მონაწილეობით, განსხვავებული და ხშირად სადავო ინტერესები, გამოიწვევს "გლობალურ" კონფლიქტს, რაც კარგად ასახავს "მესამე მსოფლიო ომის იდეას", რის თაობაზეც პაპი ფრანცისკე ხშირად საუბრობს. ზოგჯერ გეოპოლიტიკური მდგომარეობა იმდენად დანაწევრებული და პოლარიზებულია, ხოლო კავშირები იმდენად დაზიანებული, რომ ნებისმიერი ჩასწორება ძალიან რთულია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრი კონფლიქტი „იკვებება“ იარაღისა და ფულის უკანონო ბრუნვით. როგორ შეუძლია რომელიმე ქვეყანამ თქვას, რომ სწორად იქცევა მაშინ, როდესაც იგი აგრძელებს კონფლიქტში ჩართული მოწინააღმდეგე მხარეებისთვის იარაღის მიწოდებას?

პაპი ფრანცისკეს სიტყვებით: "დიალოგისა და მშვიდობის სამსახურში ყოფნა გულისხმობს - იყო, მართლაც, უდრეკად მიმართული იმისაკენ, რომ მინიმუმამდე დაიყვანო და, გრძელვადიან პერსპექტივაში, დაასრულო ჩვენს მსოფლიოში არსებული ბევრი შეიარაღებული კონფლიქტი. აქვე უნდა ვკითხოთ საკუთარ თავებს: რატომ იყიდება სასიკვდილო იარაღი იმ ადამიანებზე, რომლებიც გეგმავენ ადამიანებს და საზოგადოებას უზარმაზარი ტანჯვა მიაყენონ? სამწუხაროდ, პასუხი, როგორც ყველამ ვიცით, არის - მხოლოდ ფულისთვის: ფული, რომელიც სისხლშია გაჟღენთილი, ხშირად უდანაშაულო სისხლში. ამ სამარცხვინო და დანაშაულებრივი დუმილის დროს, ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ წინ აღვუდგეთ პრობლემას და შევაჩეროთ იარაღით ვაჭრობა”.

წმიდა საყდარი ადასტურებს და პაპი ფრანცისკე გვახსენებს, რომ დიპლომატიამ ხელახლა უნდა აღმოაჩინოს საკუთარი როლი, როგორც სოლიდარობის გამავრცელებელი ადამიანებსა და საზოგადოებებს შორის; სოლიდარობა, როგორც იარაღის, ძალადობისა და ტერორის ალტერნატივა. დიპლომატია უნდა იდგას დიალოგის, თანამშრომლობისა და შერიგების ხელშეწყობის სამსახურში, რამაც უნდა შეცვალოს ურთიერთბრალდებები, ძმათამკვლელობა და სხვების, როგორც მტრის აღქმა. მართლაც, დიპლომატიას უნდა შეეძლოს ჩაანაცვლოს ძალის გამოყენების საფრთხე ორმხრივი და ღია დიალოგით. ყოველთვის გამოწვევას წარმოადგენს ისეთ მხარეებს შორის ურთიერთგაგების ხელშეწყობა, რომლებიც შეიძლება გახდნენ ერთმანეთისთვის შეუთავსებლები და დაპირისპირებულები. დიალოგში ჩაბმა თავისთავად უკვე პოზიტიური ნაბიჯია, რაც ორ მხარეს შორის ხელს უწყობს გახსნილობისა და ნდობის ზრდას.

წელს საერთაშორისო თანამეგობრობა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს გარემოება წმიდა საყდარს საშუალებას აძლევს, კიდევ ერთხელ დაადასტუროს ადამიანის სამსახურში ყოფნის ვალდებულება, ჩვენი თანდაყოლილი ღირსება, საიდანაც ჩვენი ფუნდამენტური უფლებები გამომდინარეობს. მართლაც, ადამიანის ბუნება არის ყველა უფლების საფუძველი. ეს კეთილშობილება ადამიანს ბუნებით აქვს მიცემული, ხოლო ღირსებას, რომელიც მას საკუთარი ღირებულებების მორალურ სიბრტყეზე აქვს გაცნობიერებული, შეუძლია იგი სწორ ქცევად აქციოს; ღირსების ეს გრძნობა ანიჭებს თითოეულ ადამიანს სხვისი პატივისცემის უნარს. ზუსტად ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ადამიანის ღირსებას, ყველა ადამიანის ღირსებას!

გასულ თვეს სტრასბურგში ევროსაბჭოში, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 70 წლის იუბილეს ფარგლებში, შესაძლებლობა მქონდა ხაზი გამესვა, რომ "ადამიანის ინტეგრალურ განვითარებას" ორი მნიშვნელობა აქვს. ერთი მხრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ “უძლურებაში მყოფ ყველა ადამიანს უპირატესობა მიენიჭოს, ღარიბიდან დაწყებული უმუშევრით დამთავრებული, მიგრანტებიდან დაწყებული განათლების გარეშე დარჩენილი ახალგაზრდით დამთავრებული, ძალადობის მსხვერპლი ქალებით დაწყებული მარტოხელა მოხუცებით დამთავრებული, ჯერ არ დაბადებული ბავშვებით დაწყებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებით დამთავრებული’.’ ეს გახლავთ ის ყურადღება, რომელიც გამოხატულია კათოლიკე ეკლესიისა და კათოლიკური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მსოფლიოს მასშტაბით, საქველმოქმედო და სოციალური ვალდებულებების ფართო სპექტრში. და მართლაც, მსგავსი აქაც ხდება, საქართველოში, სადაც წლების მანძილზე საქართველოს ‘კარიტას’-ის მნიშვნელოვანი როლი აღიარებულია და იმედია, დაფასებულიც. მეორე მხრივ, "ადამიანის ინტეგრალური განვითარება" ნიშნავს "მთელი ადამიანის განვითარებას", ანუ "ადამიანის [განვითარებას] ყველა განზომილებაში: დაწყებული არსებობისთვის ძირითადი საჭიროებებით, განათლების უფლებით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობით, საკუთარი რწმენით და შეხედულებებით, თავისუფლად ცხოვრების უფლებით დამთავრებული. ამრიგად, ადამიანთა ინტერესების გათვალისწინებითა და მათი ინტეგრალური განვითარების ხელშეწყობით, რაც ზემოთ იქნა აღწერილი, წმიდა საყდარი ცდილობს წვლილი შეიტანოს ყოველდღიური გამოწვევების უფრო ეფექტურ გადაჭრაში ადამიანის უფლებების დაცვით, როგორც ამას საერთაშორისო თანამეგობრობა მოელის.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში 1921 წლამდე არსებული ძირითადი კათოლიკე ეკლესიებიდან (ორი თბილისში, ხოლო დანარჩენები ქუთაისში, ბათუმში, გორში, მანგლისში, ახალციხეში, უდეში, ვალეში და არალში) საბჭოთა კავშირის პერიოდში მხოლოდ ერთი იყო საზოგადოებისთვის ღია, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ყოფილიყო განცდა რეგიონში "რელიგიური თავისუფლების" არსებობისა. ეს გახლდათ 1877 წელს პოლონელი ემიგრანტების მიერ აშენებული წმიდა მოციქულების პეტრესა და პავლეს ეკლესია თბილისში, რომელმაც კომუნიზმის პერიოდში გადაარჩინა ქართული კათოლიკე ეკლესიის "ნარჩენები" და ბერლინის კედლის დაშლის შემდეგ გადამწყვეტი როლი ითამაშა მის ხელახლად დაბადებაში.

ვრცლად შესაძლებელია საუბარი იმ სხვადასხვა სტადიაზე, რომელიც საქართველოში კათოლიკე ეკლესიამ განიცადა გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში და მომდევნო წლებში, რომლებიც გამორჩეულია სიცოცხლისუნარიანობის აღდგენისაკენ მიმართული ძალისხმევით, რაც თითქმის სრულიად იქნა დაკარგული საბჭოთა ბატონობის სამოცდაათი წლის განმავლობაში. მონსინიორ ჯუზეპე პაზოტოს, მონსინიორ რაფაელ მინასიანს და მამა ბენი იადეგარს, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად არიან, ისევე როგორც სხვა თვითმხილველებს, უთუოდ ახსოვთ ის ძალისხმევა და გამოწვევები, რომლებიც მათ წინაშე ყოველდღიურად არსებობდა, არა მხოლოდ იმისთვის, რომ კათოლიკური საზოგადოებისთვის წარსული სიძლიერე გაეხსენებინათ, არამედ ყოფილიყვნენ, ასევე, აქტიური მშენებლები მისი აწმყოსა და მომავლის. ჩვენ მათ ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ ყოველდღიური ძალისხმევის ფონზე, რაც მიზნად ისახავს რწმენის, ერთობისა და მშვიდობის სამსახურს, არა მხოლოდ კათოლიკური, არამედ მთელი ქართული საზოგადოების კეთილდღეობისთვის.

წმიდა საყდარი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კავკასიაში მიმდინარე პოლიტიკურ და რელიგიურ მოვლენებს. წმინდა საყდარი ყოველთვის ღიაა ეკუმენური დიალოგისთვის საქართველოს საპატრიარქოსთან. ისტორიული ვიზიტი ვატიკანში და 1980 წლის 6 ივნისს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ისა და იოანე პავლე II-ის შეხვედრა დღემდე ბევრს ახსოვს. ბერლინის კედლის დაშლის შემდეგ, მოსკოვში წმიდა საყდრის პირველმა წარმომადგენელმა, სამოციქულო ნუნციომ, მთავარეპისკოპოსმა ფრანჩესკო კოლასუონომ, 1991-1993 წლებში საქართველოში რამდენიმე ვიზიტი განახორციელა, რათა გაცნობოდა ახლად დაბადებულ სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენებს.

უმაღლეს დიპლომატიურ დონეზე, წმიდა საყდარმა თავიდანვე აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და იყო ერთ-ერთი იმ პირველ ათ ქვეყანას შორის, რომელმაც წარმომადგენლობა გახსნა თბილისში. 1992 წლის 24 მაისს, წმინდა საყდრის ოფიციალურ გაზეთში ერთდროულად გამოქვეყნდა ინფორმაცია წმინდა საყდარსა და საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და მოლდოვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ.

გასულ წელს ჩვენ აღვნიშნეთ ამ მნიშვნელოვანი მოვლენის 25 წლისთავი, მაგრამ აუცილებელია გვახსოვდეს, რომ რომის და საქართველოს ეკლესიებს შორის ურთიერთობა უძველეს დროში იღებს სათავეს, რაც, რა თქმა უნდა, არ უნდა გადანაწილდეს მხოლოდ უკანასკნელ სამ ათეულ წელზე, მისი ხელახლა მოპოვებული პოლიტიკური თავისუფლების ფარგლებში. მართლაც, გაქრისტიანების პირველი საუკუნეებიდანვე, ამ ქვეყანაში დიდსულოვნად შეეგებნენ სამოციქულო ტრადიციას. საბედნიეროდ, საქართველომ, ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, დაიცვა თავისი კულტურით, ენით და ტრადიციებით გამოხატული ის ღირებულებები, რომლებიც, როგორც თბილისში ერთ-ერთ გამოსვლაში პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, თქვენს "ქვეყანას სრულ და გამორჩეულ ადგილს მიუჩენს ევროპული ცივილიზაციის წიაღში "(სიტყვა, რომელიც წარმოთქმული იქნა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას, თბილისში, 2016 წლის 30 სექტემბერს).

მკვლევარებმა მოიპოვეს მრავალი ისტორიული ჩვენება რომის კათედრის მემკვიდრეებსა და ქართველ მეფეთა შორის წერილების გაცვლის შესახებ, მათ შორის, კათოლიკოს კირიონ I-ისა, რომელიც მე-7-ე საუკუნის დასაწყისში, რელიგიური რჩევებისთვის, პაპ წმ. გრიგოლ დიდს მიმართავს. ურთიერთობების გაღრმავება მე-13 საუკუნეში დაიწყო, როდესაც, გარკვეულ შემთხვევებში, კათოლიკური ოჯახის სხვადასხვა თემი, საქართველოს მონარქების მიერ მოწვეულია საქართველოში ან მათ, აღმოსავლეთში მოგზაურობისას, გაიცნეს ეს ქვეყანა და აქ დაარსეს საკუთარი სახლები და სალოცავები. თავდაპირველად ეს იყო ფრანცისკელებისა და დომინიკელების ხანმოკლე მისიები, შემდეგ იეზუიტების, ხოლო მოგვიანებით, საქართველოში თბილად მიიღეს თეატინებისა და კაპუჩინების ორდენის წარმომადგენლები. ვატიკანის, კერძოდ, ხალხთა ევანგელიზაციის კონგრეგაციის არქივებში დაცულ დოკუმენტებში საუბარია ქართული კათოლიკე თემების ისტორიებზე; ეს საარქივო მასალა დასავლეთისთვის ქართული კულტურის შესახებ ძვირფას წყაროს წარმოადგენს. ამ ცნობებს შეიძლება დაემატოს ვატიკანის ურბანოს კოლეჯის ზოგიერთი ახალგაზრდა ქართველი სტუდენტის ისტორია, რომლებიც მღვდლად აღკვეცის შემდეგ დაბრუნდნენ სამშობლოში, საქართველოსა და რომს შორის არაფორმალური "ელჩები" გახდნენ, და ემსახურებოდნენ საკუთარ თემებს მანამდე, ვიდრე საბჭოთა კავშირი მათ დევნას მიმართავდა.

დღეს ჩვენთვის დიდი პატივია იმის აღნიშვნა, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა და რელიგიურმა ურთიერთობებმა საუკუნეების მანძილზე გასტანა და, მიუხედავად იმისა, რომ, ისტორიული მოვლენების გამო, რამდენჯერმე შეწყდა, როდესაც საქართველომ, სამწუხაროდ, დაკარგა სუვერენიტეტი, ის კვლავ განახლდა საერთო ქრისტიანულ ფესვებზე დამყარებული ხანგრძლივი ძმობის ხსოვნასთან ერთად. ბუნებრივია, ვიმედოვნებთ, რომ ეს ორმხრივი ურთიერთობა უფრო გაძლიერდება და განვითარდება კიდევ უფრო მზარდი ენერგიით, თქვენი ქვეყნისა და წმიდა საყდრის სასარგებლოდ, რომელიც წარმოდგენილია სამოციქულო ნუნციოს მიერ, როგორც დიპლომატიური კორპუსის ელჩი და დესპანი, რომელიც მოიცავს სამ კათოლიკურ ადგილობრივ თემს: ლათინურს, სომხურს და ქალდეურს. ქართველი კათოლიკეები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, ამ საზოგადოებისა და ამ ქვეყნის, ამავე დროს, დიდი კათოლიკური ოჯახის ნაწილს წარმოადგენენ, რომელიც უზრუნველყოფს მეგობრულ და ძმურ ურთიერთობებს ყველა ქრისტიანთან და ყველა კეთილშობილ ადამიანთან.

მინდა ასევე შეგახსენოთ, რომ მომავალ წელს, საქართველოს ‘კარიტასი’, რომელიც ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ თვალსაჩინოა, ღარიბებისა და გაჭირვებაში მყოფი პირების სამსახურში საქველმოქმედო საქმიანობის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. მართლაც, რამდენიმე რელიგიური საზოგადოება (the Little Daughters of St. Joseph, the Missionaries of Charity, the Sisters of St. Elizabeth, the Salesian Sisters, the Sisters of St. Nino, the Camillians, the Stigmatines, the Salesians and the Capuchins) შეუერთდა მათ ძალისხმევას ავადმყოფების, ბავშვების, ხანდაზმულების, ლტოლვილების, ემიგრანტებისა და ყველა საჭიროების მქონე ადამიანების ზრუნვაში, ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილების დისკრიმინაციის გარეშე, რაც კათოლიკე ეკლესიის ჭეშმარიტი მისიის განხორციელებაა და მიმართულია ყველა ადამიანის კეთილდღეობაზე.

კათოლიკე ეკლესიამ ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველ წლებში დაიწყო ჰუმანიტარული დახმარების გაწევა, იქ, სადაც ცხოვრებისათვის ძირითადი საშუალებები ხშირ შემთხვევაში არ იყო (საკვები, ტანსაცმელი, გათბობა და ა.შ.). ჰუმანიტარული უზრუნველყოფა გაგრძელდა 2008 წლის ომშიც, იძულებით გადაადგილებულ პირთა და იმ ადამიანების მხარდაჭერით, რომლებიც ამას საჭიროებდნენ ომის შემდეგ პერიოდში. იმ ტრაგიკულ დროს, მაშინდელმა სამოციქულო ნუნციომ, არქიეპისკოპოსმა კლაუდიო გუჯეროტიმ, რომელიც დღეს უკრაინაში წარმოადგენს პაპს, წმიდა საყდრის შეშფოთება და სიახლოვე მოსახლეობის მიმართ კონკრეტული ნაბიჯებით გამოხატა - ის იყო ერთ-ერთი პირველი ვინც გორში პირადად ჩავიდა თავდაპირველი ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით.

წელს, ასევე ათი წელი შესრულდა საქართველოში დატრიალებული კონფლიქტიდან, რომელმაც გამოიწვია ცხინვალსა და აფხაზეთზე კონტროლის დაკარგვა. წმიდა საყდარმა ამ თარიღს სტატია მიუძღვნა გაზეთში L'Osservatore Romano, სადაც გაიხსენეს პაპი ბენედიქტ XVI-ის ორი ლოცვა, რომელიც მან აღავლინა 2008 წლის 10 და 17 აგვისტოს წმინდა პეტრეს მოედანზე; წმიდა მამამ გულწრფელი მიმართვები გააკეთა სამხედრო საქმიანობის დასასრულებლად, დაზარალებულთა დასახმარებლად და იმედოვნებდა, რომ ზავი, რომელიც მიღწეულ იქნა ევროკავშირის ჩართულობით, შედეგს გამოიღებდა. 10 წლისა და ჟენევის მოლაპარაკებების 40-ზე მეტი რაუნდის შემდეგ, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ სფეროში ბევრი საკითხი კვლავ გადაუჭრელი რჩება. გარდა ამისა, ვერ იქნა მიღწეული სრული იმპლემენტაცია გაეროს რეზოლუციებისა, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების შესახებ.

ამ თვალსაზრისით, პაპი ფრანცისკეს სიტყვები, 2016 წელს საქართველოში დასამახსოვრებელი სამოციქულო მოგზაურობის დროს, რომლითაც მან გაიხსენა, რომ რეგიონის ყველა ხალხისა და სახელმწიფოს მშვიდობიანი თანაცხოვრება "მოითხოვს ორმხრივ პატივისცემას და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ყველა ქვეყნის სუვერენული უფლებების დაცვას" - ჯერ კიდევ აქტუალურია. პაპმა ასევე ისურვა, რომ "მშვიდობისა და განვითარების გზები საზოგადოების ყველა სექტორის ვალდებულება იყოს, რათა შეიქმნას სტაბილურობის, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობისადმი პატივისცემის პირობები, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საყოველთაო ზრდასა და მეტ შესაძლებლობებს". ჩემი მხრიდან, შემიძლია ვთქვა, რომ კავკასიის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების ფონზე, წმინდა საყდარი სინანულს გამოხატავს დაზარალებულთა ტანჯვისა და კატასტროფული შედეგების გამო მაშინ, როდესაც ადამიანებს ჰარმონიული და მშვიდობიანი ცხოვრების სრული უფლება აქვთ. რაც შეეხება საქართველოს, წმიდა საყდარი ყოველთვის ამჟღავნებს საკუთარ პოზიციას ქვეყნის ტერიტორიასა და საზღვრებთან მიმართებით, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.

წმიდა საყდარსა და საქართველოს შორის არსებობს ნაყოფიერი კულტურული თანამშრომლობა. ამ თვალსაზრისით როგორ შეგვიძლია დავივიწყოთ 90-იან წლებში თბილისის სახელმწიფო თეატრში ქართულ ენაზე შესრულებული სპექტაკლი “The Jeweller’s Shop”, რომელიც კაროლ ვოიტილამ (პაპი იოანე-პავლე მეორე) 1960 წელს დაწერა, კრაკოვში დამხმარე ეპისკოპოსად მსახურების პერიოდში. ამასთან ერთად, იყო მრავალი სხვა ინიციატივა, როგორიცაა სტიპენდიები ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობდნენ რომში პაპის უნივერსიტეტებში, მათ შორის არიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლები და საერო პირები; თბილისში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული საქმიანობა, რომელიც დაარსდა ეპისკოპოს პაზოტოს ინიციატივით.

წმიდა საყდართან საქართველოს რეზიდენტი ელჩების დიდი ჩართულობით რომში ორგანიზებულ იქნა მრავალი კონფერენცია, მიღება და გამოფენა. თავდაპირველად, მისი აღმატებულება, ქეთევან ბაგრატიონ მუხრანი-ორსინი და ამჟამად კი მისი აღმატებულება თამარ გრძელიძე, რომელსაც გულითადად ვაფასებ იმ მეგობრული და მტკიცე თანამშრომლობისთვის, რაც წლების განმავლობაში ავაშენეთ. დოქტორი თამარ გრძელიძე ავტორია საინტერესო წიგნისა “რომი და ქართველები”, რომელიც გასულ წელს გამოიცა რომში ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად. წიგნი ასახავს რომს და საქართველოს შორის საუკუნეების მანძილზე არსებული ურთიერთობების ისტორიას.

პაპმა, 2017 წლის იანვარში ტრადიციული საახალწლო მილოცვისას დიპლომატიური კორპუსისადმი გაკეთებულ მიმართვაში, ყურადღება გაამახვილა მშვიდობის თემაზე და განაცხადა: "მშვიდობა არის საჩუქარი, გამოწვევა და ვალდებულება. ეს არის საჩუქარი, რადგან ის მოედინება ღვთის გულიდან. ეს არის გამოწვევა, რადგან ის არასდროს არ მოდის თავისთავად და იგი მუდმივად მიიღწევა. ეს არის ვალდებულება, რადგან ის მოითხოვს გულითად ძალისხმევას ყველა კეთილი ადამიანის მხრიდან, რათა მოიძებნოს და აშენდეს. ჭეშმარიტი მშვიდობის მიღწევა მხოლოდ იმ ადამიანთა ხედვის საფუძველზე მოხდება, რომელთაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ ინტეგრალურ განვითარებას მათი უმაღლესი ღირსების დაცვით.’’

არაოფიციალური თარგმანი