საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ირაკლი კობახიძე ვატიკანის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვატიკანის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანს, მონსინიორ პოლ რიჩარდ გალაჰერს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელობასა და ქართულ ისტორიასა და კულტურაში კათოლიკური თემის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრეს.

თავის მხრივ, მთავარეპისკოპოსმა გალაჰერმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს, როგორც უძველესი ქრისტიანული ქვეყნის მნიშვნელობა ევროპული კულტურისთვის.

ყურადღება, ასევე, საქართველოს დასავლურ მისწრაფებებზე გამახვილდა. ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კათოლიკური ეკლესია მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და არსებულ გამოწვევებს. მხარეებმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები მიმოიხილეს და იმ პრაგმატულ პოლიტიკაზე ისაუბრეს, რომელსაც საქართველო რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში ახორციელებს.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს პარლამენტის, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს განსაკუთრებული როლი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.

შეხვედრის დასასრულს, მონსინიორ პოლ რიჩარდ გალაჰერმა პარლამენტის თავმჯდომარეს წმინდა საყდრისა და საქართველოს კათოლიკური თემის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და დასავლური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.