საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მამუკა ბახტაძისა და პოლ რიჩარდ გალაჰერის შეხვედრა

საქართველოს  პრემიერ-მინისტრი  მამუკა  ბახტაძე  წმინდა  საყდრის  (ვატიკანი)  საგარეო  საქმეთა  მინისტრს,  არქიეპისკოპოს  პოლ  რიჩარდ  გალაჰერს  შეხვდა,  რომელიც  საქართველოში  ოფიციალური  ვიზიტით  იმყოფება.

შეხვედრისას  აღინიშნა,  რომ  ვატიკანის  საგარეო  საქმეთა  მინისტრის  სტუმრობა  მნიშვნელოვან  სტიმულს  მისცემს  საქართველოსა  და  წმინდა  საყდარს  შორის  არსებული  ნაყოფიერი  თანამშრომლობის,  საუკუნოვანი  პოლიტიკური  და  კულტურული  კავშირების  კიდევ  უფრო  მეტად  გაღრმავებას.

განსაკუთრებული  ყურადღება  გამახვილდა  ეკონომიკური  კავშირების  განვითარების  მნიშვნელობაზე,  განათლების,  მეცნიერებისა  და  კულტურის  სფეროებზე.

ითქვა,  რომ  საქართველოს,  როგორც  უძველესი  ცივილიზაციისა  და  ისტორიის  მქონე  ქრისტიანულ  ქვეყანას,  რომელიც  განვითარების  მიმართულებით  არაერთ  წარმატებულ  რეფორმას  ახორციელებს,  ევროპული  ქვეყნების  მხრიდან  დიდი  მხარდაჭერა  აქვს.

თავის  მხრივ,  მთავრობის  მეთაურმა  წმინდა  საყდრის  საგარეო  საქმეთა  მინისტრს  მადლობა  გადაუხადა  საქართველოს  მუდმივი  თანადგომის,  ქვეყნის  ტერიტორიული  მთლიანობის  და  სუვერენიტეტის  მტკიცე  მხარდაჭერისათვის.  მხარეებმა  ისაუბრეს  ოკუპირებულ  რეგიონებში  არსებულ  მძიმე  ვითარებაზე.  შეხვედრისას,  ითქვა,  რომ  ქვეყნის  ხელისუფლება  კვლავ  განუხრელად  დგას  რუსეთთან  არსებული  კონფლიქტის  მშვიდობიანი  გზით  დარეგულირების  გზაზე.

აგრეთვე,  ხაზი  გაესვა  რუსეთის  ფედერაციის  მიერ  ნაკისრი  საერთაშორისო  ვალდებულებების,  მათ  შორის,  ცეცხლის  შეწყვეტის  შეთანხმების  სრულად  შესრულების  აუცილებლობას  და  ჟენევის  საერთაშორისო  მოლაპარაკებებში  კონსტრუქციული  ჩართულობის  მნიშვნელობას.

წარმატებულად  შეფასდა  საქართველოს  ხელისუფლების  მიერ  ბოლო  პერიოდში  ინიცირებული  და  წარდგენილი  სამშვიდობო  ინიციატივა  -  ნაბიჯი  უკეთესი  მომავლისკენ“,  რომელიც  ქვეყნის  ევროინტეგრაციის  გზაზე  არსებული  სიკეთეების  ოკუპირებულ  ტერიტორიებზე  მყოფი  თანამოქალაქეებისათვის  გაზიარებას  ითვალისწინებს.

ხაზგასმით  აღინიშნა,  რომ  ევროინტეგრაცია  საქართველოს  საგარეო  და  საშინაო  პოლიტიკის  ქვაკუთხედი  და  ქართველი  ხალხის  შეუქცევადი  არჩევანია.

მთავრობის  ადმინისტრაციაში  გამართულ  შეხვედრას  საქართველოს  საგარეო  საქმეთა  მინისტრი  დავით  ზალკალიანი  ესწრებოდა.

Embassy of Georgia to the Holy See