საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანისა და პოლ რიჩარდ გალაჰერის შეხვედრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანს (საგარეო საქმეთა მინისტრს), მთავარეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრებმა აღნიშნეს ბოლო წლებში საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობების დინამიკის ზრდისა და განხორციელებული უმაღლესი და მაღალი და დონის ვიზიტებისა და შეხვედრების მნიშვნელობა. ამ მხრივ, განსაკუთრებული მოვლენა იყო 2016 წელს, რომის პაპის, ფრანცისკეს საქართველოში ვიზიტი.

დავით ზალკალიანის თქმით, განსაკუთრებულ მონაპოვარს წარმოადგენს საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებს.

მთავარეპისკოპოს გალაჰერის განცხადებით, წმინდა საყდარი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მისი თქმით, შემაშფოთებელია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებების მუდმივი დარღვევის ფაქტები - თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, საკუთრების უფლებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევა, რელიგიური რიტუალების ჩატარების შეზღუდვა.

შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე. მთავარეპისკოპოსმა გალაჰერმა პაპი ფრანცისკეს მიერ თბილისში გაჟღერებული სიტყვები გაიხსენა და აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობიანი თანაარსებობა სახელმწიფოთა სუვერენული უფლებების პატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, წმინდა საყდარი მიესალმება სამშვიდობო პოლიტიკის კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და ინიციატივებს. აღნიშნულ კონტექსტში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს რეგიონსა და ზოგადად, მსოფლიოში მშვიდობის მნიშვნელობას.

მთავარეპისკოპოს გალაჰერის თქმით, თანამედროვე გლობალური და რეგიონული გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები ქვეყნის განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე; საქართველოს, რომელიც ამაყობს საკუთარი ქრისტიანული მემკვიდრეობით, შეუძლია განსაკუთრებული კულტურული და სულიერი ღირებულებები შესძინოს კონტინენტსა და მის ინსტიტუციებს. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ წმინდა საყდარი მხარს უჭერს საქართველოს და იმედოვნებს, რომ აღნიშნული პროცესი წარმატებით დაგვირგვინდება ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას

Embassy of Georgia to the Holy See Embassy of Georgia to the Holy See Embassy of Georgia to the Holy See Embassy of Georgia to the Holy See Embassy of Georgia to the Holy See Embassy of Georgia to the Holy See Embassy of Georgia to the Holy See