საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

წმინდა გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილი კონფერენცია

წმინდა საყდართან აკრედიტებული საქართველოსა და პოლონეთის საელჩოების ორგანიზებით, მიმდინარე წლის 12 სექტემბერს გაიმართა წმინდა გრიგოლ ფერაძისადმი მიძღვნილი კონფერენცია სახელწოდებით: „წმ. გრიგოლ ფერაძე (1899 – 1942) მოწამე, თეოლოგი, მწერალი, ეკუმენისტი”.

პაპის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში გამართულ კონფერენციას ესწრებოდნენ წმინდა საყდართან აკრედიტებული მისიების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები. კონფერენციამ სამ საათამდე გასტანა. მომხსენებლთა შორის იყვნენ პოლონეთიდან ჩამოსული მამა ჰენრიკ პაპროცკი და ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი დავით ყოლბაია, რომელთა მონაწილეობაც წმინდა საყდართან აკრედიტებულმა პოლონეთის საელჩომ უზრუნველყო. საქართველოს საელჩოს ინიციატივით, მოხსენებებით წარდგნენ მღვდელი ლეონიდე ებრალიძე, პაპის აღმოსავლეთმცოდნეობის დოქტორანტი და დიაკვანი ირაკლი ჯინჯოლავა, მიუნხენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის დოქტორანტი.

დასაწყისში სიტყვით გამოვიდა პოლონეთის ელჩი ბატონი იანუშ კოტანსკი, რომელმაც საქართველოსა და პოლონეთს შორის ისტორიულ კავშირებსა და მეგობრობაზე ისაუბრა. ელჩმა ხაზი გაუსვა საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ორ ერებს შორის ურთიერთ დახმარებაზე. როგორც იანუშ კოტანსკიმ აღნიშნა, წმინდა გრიგოლ ფერაძე ამ ისტორიულ კავშირებს არასდროს ივიწყებდა და სიცოცხლის ბოლომდე ორივე ქვეყნის ერთგული დარჩა.

შემდეგ ისაუბრა საქართველოს ელჩმა ქალბატონმა თამარ გრძელიძემ. მან გრიგოლ ფერაძის მოწამეობა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა 1995 წელს, მეოცე საუკუნის ეკლესიაში არსებული მოწამეობის ფონზე განიხილა. ფერაძის მოწამეობა ასახავს ყველა იმ კატაკლიზმს, რომელიც მსოფლიოს თავს დაატყდა 1920-იანსა და 1940-იან წლებს შორის. საბჭოთა ეპოქაში გრიგოლ ფერაძის სახელი არ იყო ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, მაგრამ დღეს საყოველთაოდაა ცნობილი მისი რთული, საინტერესო და მდიდარი სულიერი და სამეცნიერო ცხოვრება.

დავით ყოლბაიამ აქცენტი არქიმანდრიტ ფერაძის აკადემიურ მოღვაწეობაზე გააკეთა. 1921 წელს კორნელი კეკელიძის დახმარებით, ფერაძემ მოიპოვა სტიპენდია ბერლინის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად, შემდეგ მან დოქტორის ხარისხის წოდება მიიღო ბონის უნივერსიტეტიდან. ასევე სწავლობდა ბელგიაში, ლუვენის უნივერსიტეტში. მისი თეოლოგიური შრომები ძალიან მრავალმხრივია, საზღვარგარეთის ბიბლიოთეკებში არსებული ქართული ხელნაწერებით დაწყებული, ქართული სამონასტრო ცხოვრების კვლევით დამთავრებული.

მამა ჰენრიკ პაპროცკი - გრიგოლ ფერაძის სახელის ალბათ ყველაზე დიდიპატრონიპოლონეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში. პაპროცკიმ ისაუბრა 1933 წელს ვარშავაში გრიგოლ ფერაძის ახალ ცხოვრებაზე, როდესაც იგი ასოცირებული პროფესორი გახდა ვარშავის უნივერსიტეტის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების სკოლაში. ფერაძის მოღვაწეობა იმდენად მრავალმხრივი იყო, რომ მხოლოდ მისი აქტივობების მხოლოდ ჩამონათვალიც საკმარისია ამის დასადასტურებლად: ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნეობის კომისიის წევრი, რწმენისა და წყობის კონფერენციის მონაწილე, პოლონეთში არსებული სხვადასხვა მართლმადიდებლური თუ ქრისტიანული საზოგადოების წევრი, პარიზის ქართული სამრევლოს მოძღვარი, ჟურნალჯვარი ვაზისა“- დამაარსებელი და თავდაპირველი რედაქტორი და სხვა. დღემდე კარგად ცნობილი არ არის გესტაპოს მიერ ფერაძის დაპატიმრების დეტალები, ასევე სამწუხაროდ, არ არის მიკვლეული ის ნივთები, რომლებიც გესტაპომ მისი ბინიდან ამოიღო დაპატიმრებისას. სამწუხარო რეალობაა, რომ ფერაძის დაპატიმრებაში გესტაპოსთან ასოცირებულ ქართველებს მიუძღვით ბრალი. პაპროცკიმ ისაუბრა ფერაძის ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გადაყვანის და იქ მისი ტრაგიკული აღსასრულის შესახებ.

შემდეგ სიტყვით გამოვიდა დიაკვანი ირაკლი ჯინჯოლავა, რომლის მოხსენებაში საუბარი იყო გრიგოლ ფერაძის მონაწილეობაზე იმ ორ საერთაშორისო შეხვედრაში - 1926 წლის ვენის კონფერენცია და 1927 წლის ლოზანის კონფერენცია - რომელმაც განსაზღვრა მისი ეკუმენური გახსნილობა. მან ვრცლად მოიყვანა პასაჟები ფერაძის მიერ წარმოთქმული სიტყვებიდან, სადაც იგი ამავე შეხვედრებში მონაწილე იმდროინდელი მართლმადიდებელი თეოლოგების მსგავსად, აღფრთოვანებით საუბრობს ქრისტიანთა შორის ერთობაზე. მომხსენებლის სიტყვებით, სწორედ ეს ორი საერთაშორისო შეხვედრა გახდა ვატიკანის მეორე კრებაზე შემუშავებული ეკომენური დოკუმენტების საფუძველი. გრიგოლ ფერაძის მაგალითი შესაძლოა დღესაც აქტუალური იყოს ეკლესიათა შორის დიალოგისთვის.

მღვდელი ლეონიდე ებრალიძე, ასევე, გრიგოლ ფერაძის აკადემიურ საქმიანობას შეეხო, თუმცა აქცენტი გააკეთა ლიტურგიკული ცხოვრებით მიღებულ მისტიკურ განცდაზე, რაც განსაკუთრებით კარგად ფერაძის პირად დღიურებში ჩანს. ფერაძე, როგორც ქართული საეკლესიო ტრადიციის შვილი, აღწევს აკადემიურისა და სულიერის შერწყმას, სამონაზვნო ცხოვრების სულიერი გამოცდილების გზით.