საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ეუთოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფორუმის (FSC) და მუდმივი საბჭოს (PC) ერთობლივ სხდომაზე გამართული განხილვების შესახებ

2009 წლის 17 ივნისს ვენაში გაიმართა ეუთოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფორუმისა (FSC) და მუდმივი საბჭოს (PC) ერთობლივი სხდომა საქართველოს FSC-სა და ეუთოს საბერძნეთის თავმჯდომარეობის ეგიდით.

ერთობლივ სხდომაზე მიწვეულ მომხსენებლებს წარმოადგენდნენ ჟენევის მოლაპარაკებათა თანა-თავმჯდომარეები, ელჩები: ხარალამპოს ქრისტოპულოსი (ეუთო), პიერ მორელი (ევროკავშირი), იოჰან ვერბეკე (გაერო), ელჩი ჰანსიორგ ჰაბერი - საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM), ასევე ჰერბერტ ზალბერი - ეუთოს კონფლიქტების პრევენციის ცენტრის (CPC) დირექტორი. მაღალი რანგის სტუმრებმა ეუთოს FSC/PC დელეგაციებს მიაწოდეს ინფორმაცია ჟენევის მოლაპარაკებათა ჩარჩოში მიმდინარე მოვლენებისა და საქართველოში განხორციელებული საერთაშორისო მონიტორინგის შესახებ.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ჟენევის პროცესის უაღრესად დიდი მნიშვნელობა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჟენევის მოლაპარაკება რჩება იმ ერთადერთ საერთაშორისო ფორმატად, რომელიც სპეციალურად შეიქმნა 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად წარმოშობილი საკითხების გადაწყვეტის მიზნით. ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზეც, რომ მიუხედავად მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმების მიუღწევლობისა, გარკვეული წარმატება მაინც სახეზეა. გამოითქვა მოსაზრება, რომ საქართველოში ეუთოს მისიისა და გაეროს დამკვირვებელთა მისიის შეწყვეტის შემდეგ, ჟენევის ფორმატი შესაძლებელია ნაკლებად დამოკიდებული გახდეს გარეშე დაბრკოლებებზე და რომ საჭიროა ამ ფორმატის გააქტიურება, რაც განსახილველი საკითხების შინაარსისა და დინამიკის გაზრდით უნდა მიიღწეს. ასევე აღინიშნა მოუგვარებელი პროცედურული საკითხების გადაწყვეტის საჭიროებაც.

ძალის გამოუყენებლობა, საერთაშორისო სამშვიდობო და საპოლიციო ოპერაციების განხორციელება, ადმინისტრაციულ საზღვარზე უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად საჭირო მოდალობების შემუშავება, ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შედეგზე- ორიენტირებული იმპლემენტაცია, შეთანხმების მიღწევა სენსიტიურ ადგილებში რეგულარული ერთობლივი ვიზიტების განხორციელებასთან დაკავშირებით, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საჭიროებათა აღმოფხვრა და მათი უფლებების დაცვის უზრუნველყოფა განისაზღვრა როგორც ერთობლივად მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც ჟენევის მოლაპარაკებათა ფარგლებში ყურადღება უნდა გამახვილდეს.

ყველა დელეგაციამ მკაფიოდ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერა და ყველა მხარის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმების ყველა დებულების შესრულების უკიდურესი აუცილებლობა. დელეგაციებმა ასევე ღრმა სინანული გამოთქვეს რუსეთის პოზიციის გამო, რომელსაც არ სურს შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. დელეგაციებმა განსაკუთრებულად დაგმეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო სამხედრო შენაერთების გაძლიერება და რუსეთის უარი დააბრუნოს თავისი შეიარაღებული ძალები იმ პოზიციებზე, რომლებიც მათ საომარი მოქმედებების დაწყებამდე ეკავათ.

რაც შეეხება საქართველოში განხორციელებულ საერთაშორისო მონიტორინგს, ყველა ექსპერტმა და საერთაშორისო დელეგაციამ, გარდა რუსეთის ფედერაციისა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში ეუთოსა და გაეროს სადამკვირვებლო მისიების საქმიანობის შეწყვეტა ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე და სერიოზულად შეაფერხებს ნდობის აღდგენის პროცესს. ეუთოს დელეგაციათა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მკაფიოდ დაგმო რუსეთის ქმედებები ნიუ-ორკსა და ვენაში, რასაც შედეგად მოჰყვა ორი მისიის საქმიანობის შეწყვეტა.

2009 წლის 17 ივნისს გამართული FSC/PC ერთობლივი სხდომა წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოების შესაბამის პასუხს რუსეთის ფედერაციის ზემოაღნიშნულ უპასუხისმგებლო ქმედებებზე და მის ძალისხმევაზე მოახდინოს საქართველოს რეგიონების ოკუპაციის ლეგიტიმაცია. შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ შესრულება არ უწერია რუსეთის მცდელობებს აიძულოს საერთაშორისო საზოგადოება დაივიწყოს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია და მისი ტერიტორიების ოკუპაცია და რომ საქართველოს საკითხი კვლავაც დარჩება საერთაშორისო დღის წესრიგში ქვეყნის სრულ დე-ოკუპაციამდე და უკანასკნელი რუსი ჯარისკაცის გასვლამდე.

თბილისი, 2009 წლის 18 ივნისი